• Geo
  • Eng
26.09.2017
კოლხეთი - დინამო | ურთიერთშეხვედრები

29 სექტემბერს ეროვნული ლიგის მეოთხე წრე დაიწყება და ოცდამერვე ტურის სადებიუტო შეხვედრაში დინამო თბილისი სამტრედიაში, ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება. მატჩი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება.

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 58 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 40 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 135/41 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1 ორჯერ დაფიქსირდა. 1998 წლის 30 ნოემბერს და 2017 წლის 21 ივლისს. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 21 ივლისს დინამო არენაზე, ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში თბილისელებმა ფოთელებს 6:1 აჯობეს. გოლები კოლხთა კარში ლაშა თოთაძემ, ბექა მიქელთაძემ (2), გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი თევზაძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024