• Geo
  • Eng
13.09.2017
დინამო ნახევარფინალშია

დღეს რუსთავში ფოლადის სტადიონზე საქართველოს თასის ¼ ფინალური შეხვედრა გაიმართა. რუსთავმა დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრის მესამე წუთზე პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. შეტევის მარჯვენა ფრთიდან კარგად ითამაშა ზაზა ციცქიშვილმა, ბურთი კარის გასწვრივ სახიფათოდაც ჩააწოდა, თუმცა მომენტს გაგრძელება არ მოჰყოლია. საპასუხოდ აკაკი შულაიამ იდენტურად ითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბექა მიქელთაძეს კი დარტყმა არ გამოუვიდა. მატჩის 21- ე წუთზე დინამო რეალურ ხიფათს ნუკრი რევიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ზაზა ციცქიშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტაიმის შუაში ლაშა ქოჩლაძის ჩახვეული საჯარიმო დარტყმის შემდეგ მიხეილ ალავიძესაც მოუწია ბურთის კუთხურზე გადაგდება. 34- ე წუთზე მიქელთაძემ საჯარიმოს მისადგომებთან კარგად მიიღო ბურთი, ცრუ მოძრაობით მეტოქეც ჩამოიცილა, დარტყმული კი სანტიმეტრებში აცდა რუსთავის კარს. პირველ ტაიმში მეტი სახიფათო მომენტი აღარ ყოფილა. მეორე ნახევარი კახი კაჭარავამ ცვლილებით დაიწყო და მოედანზე მიკოლა კოვტალიუკის მაგივრად ენვერ ლილუაშვილი შემოუშვა. მეორე ტაიმის დებიუტი პირველის იდენტური გამოდგა და რუსთაველთა სახიფათო შეტევით აღინიშნა. გიორგი გაფრინდაშვილის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ამას ირაკლი გოგინაშვილის დარტყმა მოჰყვა, თუმცა ისიც უშედეგოდ. საპასუხოდ დინამომ შეუტია და ბექა მიქელთაძის ძლიერად დარტყმული მიხეილ ალავიძემ ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. 58- ე წუთზე დინამოელებს მართებდათ ანგარიშის გახსნა. რუსთაველთა საჯარიმოს მისადგომებთან მეკარეს დასწრებაზე ენვერ ლილუაშვილი ეთამაშა, ბურთი დაუცველი კარისკენ გაგზავნა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. მატჩის 74- ე წუთზე ნუკრი რევიშვილმა კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად, როდესაც გიორგი გაფრინდაშვილის ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული მოიგერია. ცოტახანში გიორგი კუცია ვერ მიწვდა ლევან გეგეჭკორის სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთს და რუსთავის კართან მომენტიც განიმუხტა. ისევ კუცია და ამ ჯერზე მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. მანამდე აკაკი შულაიამ ითამაშა კარგად და კუციას თავით დაუგდო ბურთი. 90 წუთი ესეც მიილია და დამატებითი ორი ტაიმი დაინიშნა. ექსტრა ტაიმის მეოთხე წუთზე თბილისელთა შეტევას ბექა მიქელთაძე აგვირგვინებდა, ბურთი მცველებმა გამოიტანეს. 105- ე წუთზე ნინუამ სახიფათოდ ჩამოაწოდა კუთხური, ბურთს ბოლო წამს ლაშა თოთაძე ვერ შეწვდა. დამატებითი ტაიმების მეორე ნახევარში ფეხბურთელებს დაღლაც დაეტყოთ და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში გაგრძელდა. ამაში თავისი წვლილი მაღალმა ტემპერატურამაც შეიტანა. საბოლოოდ თერთმეტმეტრინთა სერია დაინიშნა, რომელშიც დინამომ პირველი სამი დარტყმული გამოიყენა, რუსთავმა კი ვერც ერთი. გოლები თოთაძემ, გეგეჭკორმა და შულაიამ გაიტანეს. კილაძის, ციცქიშვილისა და ცაცკრიალაშვილის დარტყმულები კი ნუკრი რევიშვილმა მოიგერია და დინამომ ნახევარფინალის საგზურიც მიიღო.

 

რუსთავი  0:0 (0:3 პენ. სერია)  დინამო

 

თერთმეტმეტრიანები: 0:1 თოთაძე  0:1 კილაძე (რევიშვილი), 0:2 გეგეჭკორი,  0:2 ციცქიშვილი (რევიშვილი), 0:3 შულაია,  0:3 ცაცკრიალაშვილი (რევიშვილი)

გაფრთხილება: ვასაძე 54’  სიჭინავა 112’

 

რუსთავი: ალავიძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, გოგინაშვილი (სიჭინავა 68), სამხარაძე, კირკიტაძე (ცაცკრიალაშვილი 82), მეტრეველი, გუჯაბიძე, აფაქიძე (კილაძე 100), ციცქიშვილი, ბრაჭული

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ნინუა, შულაია, ქოჩლაძე (კუცია 56), მიქელთაძე, კოვტალიუკი (ლილუაშვილი 46)

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024