• Geo
  • Eng
28.09.2017
კოლხეთი - დინამო | მატჩამდე

საქართველოს XXIX ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის ოცდამერვე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ სამტრედიაში გამართავს. დაპირისპირება ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი - კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს კოლხეთი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ჯერ ქობულეთის ჩელე არენაზე იღებდა, ახლა კი სამტრედიის, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე არის ნომინალური მასპინძელი. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა კოლხეთი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში ფოთელებმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავეს და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

ორიოდე კვირაა ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ქართველთათვის კარგად ნაცნობი, ბელგიის მოქალაქეობის მქონე უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი - ოლექსანდრ შტელინი მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 27 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 19 ქულით ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

ფოთელებმა ეროვნული ლიგა ჩვენს გუნდთან 0:1 მარცხით გახსნეს. შემდეგ იყო ორი გამარჯვება- საბურთალოსთან 3:0 და თასზე ბათუმის დინამოსთან 1:0. ამას მოჰყვა ტორპედოსთან მარცხი 1:2 და გამარჯვება ქობულეთის შუქურასთან 4:2. შემდეგ კოლხეთი ლოკომოტივთან დამარცხდა დიდი ანგარიშით 0:5 და ფრედ 1:1 დაცილდა გორის დილას. ამის შემდეგ კოლხეთი მიჯრით ხუთჯერ დამარცხდა. სამტრედიასთან 1:2, ჩიხურასთან 1:3, თასზე გორის დილასთან 0:1 და იმავე ანგარიშით ბათუმის დინამოსთან. დინამო თბილისთან კი კოლხებმა 0:3 წააგეს. შემდეგ კოლხებმა საბურთალოს აჯობეს 2:1 და ისევ მარცხი, ამჯერად ტორპედოსთან 0:3. ამას მოჰყვა უგოლო ფრე შუქურასთან, გამარჯვება ლოკომოტივთან 2:1 და ისევ ორი ფრე- დილასთან 0:0 და სამტრედიასთან 1:1. შემდეგ ფოთელებმა ჩიხურასთან წააგეს 1:3 და ფრედ 0:0 ითამაშეს ბათუმის დინამოსთან. დინამო თბილისთან მატჩი ფოთელთათვის წარუმატებლად 1:6 დასრულდა. მერე იყო ორი უგოლო ფრე საბურთალოსთან და ტორპედოსთან, რასაც ექვსმატჩიანი წაგებათა სერია მოჰყვა. შუქურასთან 2:3, ლოკომოტივთან 1:2, დილასთან 0:3, სამტრედიასთან 1:3, ჩიხურასთან 1:2 და ბათუმის დინამოსთან 0:2.

 

 

დინამო - კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 58 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 40 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 135/41 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1 ორჯერ დაფიქსირდა. 1998 წლის 30 ნოემბერს და 2017 წლის 21 ივლისს. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 21 ივლისს დინამო არენაზე, ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში თბილისელებმა ფოთელებს 6:1 აჯობეს. გოლები კოლხთა კარში ლაშა თოთაძემ, ბექა მიქელთაძემ (2), გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი თევზაძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას არსენ ნონიკაშვილი გაუძღვება. მას ასისტენტობას მ. კუპატაძე და ბ. ჭიჭინაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს გ. ავაზაშვილი შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გიორგი კილასონია გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024