• Geo
  • Eng
22.10.2017
23 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

ორსაბათს 23 ოქტომბერს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ეროვნულ ლიგაში ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩს გამართავს. სამტრედიასთან დაპირისპირება დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.

23 ოქტომბერს ლურჯ-თეთრებს თავის ისტორიაში 14 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 6 შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, 7 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და ერთხელაც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი თბილისელთა სასარგებლოდაა- 21/11.

1963 წელს ხარკოვში, ადგილობრივ ავანგარდთან დაპირისპირება ჩვენმა გუნდმა სათავისოდ 2:1 დაასრულა. გოლები მიშა მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. 1965 წელს მოსკოვის ტორპედოსთან პაექრობა ფრედ 1:1 მორჩა. გოლი მოსკოველებს ელგუჯა ხუციშვილმა გაუტანა. 1976 წელს უგოლო ფრე ვითამაშეთ მოსკოვის ცსკა- თან. მომდევნო სეზონში მოსკოვის ტორპედომ გვაჯობა 3:2. გოლები გოჩა მაჩაიძის და დათო ყიფიანის ანგარიშზეა. 1978 წელს თბილისელებმა მოსკოვის ცსკა- ს დიდი ანგარიშით 4:1 მოუგეს. არმიელთა კარში ზუსტი დარტყმები რამაზ შენგელიამ, ვიტალი დარასელიამ, ვახტანგ ქორიძემ და ვლადიმერ გუცაევმა განახორციელეს. 1983 წელს ხარკოვის მეტალისტთან 0:0 ვითამაშეთ. 1989 წელს კი ზაზა რევიშვილის, ბახვა თედეევის და თემურ ქეცბაიას გოლებით დინამომ ვილნიუსის ჟალგირისი 3:1 დაჯაბნა.

1994 წელს უგოლო ყაიმი გორის დილასთან. ორი წლის შემდეგ დინამომ ლანჩხუთის გურია მიიღო და ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. გიორგი დემეტრაძის დუბლს თითო გოლი ვალტერ ხორგუაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა მიამატეს. 1999 და 2003 წლებში შესაბამისად - თბილისის არსენალთან და ქუთაისში ტორპედოსთან დინამომ ფრედ 1:1 ითამაშა. არსენალს რატი ალექსიძემ გაუტანა, ხოლო ტორპედოს ალექსანდრე ამისულაშვილმა. 2010 წელს ალექსანდრე კოშკაძის გოლით დინამომ ზესტაფონი 1:0 დაამარცხა. 2015 წელს თბილისელებმა ცხინვალი მიიღეს. 2:1 მოგებულ შეხვედრაში გოლები გიორგი ქვილითაიამ და ოთარ კაკაბაძემ გაიტანეს. 2016 წელს იმავე ცხინვალთან შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024