დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის ოცდამერვე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა. კახი კაჭარავამ თბილისელთა შემადგენლობაში ცვლილება შეიტანა და ჩვენი გუნდის შეტევის მარცხენა ფრთაზე ახალგაზრდა ზურაბ დავითაშვილი გაამწესა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა პირველი გუნდში. მატჩი დაბალ რიტმში დაიწყო. პირველ წუთებზე ფოთელებმა იაქტიურეს, საპასუხოდ ბექა მიქელთაძის არაზუსტი თავურია გამოსაყოფი. რეალური საგოლე მომენტი დინამომ მატჩის 27- ე წუთზე შექმნა. ოთარ კიტეიშვილის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს აკაკი შულაია თავით უცვლიდა მიმართულებას, მასპინძელთა კარი ხარიხამ იხსნა. დამატებაზე ისევ შულაიამ იაქტიურა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 37- ე წუთზე ბექა მიქელთაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. ზურაბ დავითაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კოკა სეფიაშვილმა მოიგერია. ტაიმის ბოლოსკენ სეფიაშვილმა კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად, როდესაც მიქელთაძის ძლიერად დარტყმული მოიგერია. მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით განახლდა. მიქელთაძე და კიტეიშვილი ამწვავებდნენ თამაშს, მაგრამ პირველ შემთხვევაში დარტყმამ არ ივარგა, მეორედ კი მეკარემ ითამაშა ზუსტად. 72- ე წუთზე თბილისელებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს, დავითაშვილმა გაატარა ბურთი, დასწრებაზე ლაშა თოთაძემ ითამაშა, მისი ძლიერად დარტყმული ოდნავ აცდა კარს. მატჩის 81- ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში. იგორ ბროვკომ ნუკრი რევიშვილს აუღებელი დაურტყა. ორ წუთში დინამომ თანაფარდობა აღადგინა. კვარაცხელია შეიჭრა საჯარიმოში და ზუსტი გადაცემით ბექა ქავთარაძე იპოვა, რომელმაც დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. ბოლო წუთებმა დინამოელთა შეტევებში ჩაიარა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა 1:1. მომდევნო მატჩს დინამო 15 ოქტომბერს ლოკომოტივთან, დინამო არენაზე გამართავს.
კოლხეთი 1:1 დინამო
გოლი: 1:0 ბროვკო 81’ 1:1 ქავთარაძე 83’
გაფრთხილება: ბოლქვაძე 74’ კაკულია 86’ ბროვკო 92’ ბუხაიძე 93’
კოლხეთი: სეფიაშვილი, ნონდი, კერძევაძე (ბროვკო 42), კაკულია, დერემჩინსკი, ჯანელიძე (შალიკაშვილი 75), ჟიშკარიანი, მაჩარია, ბოლქვაძე, ვ. კილასონია, ბუხაიძე
დინამო: რევიშვილი, თოთაძე, კობოური, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ზარია, შულაია (კვარაცხელია 61), კიტეიშვილი, დავითაშვილი (ქავთარაძე 72), მიქელთაძე
მსაჯი: ა. ნონიკაშვილი