დინამოს აკადემიის გუნდებმა 2017 წლის ასაკობრივ ჩემპიონატებში გამოსვლა სრული ტრიუმფით დაასრულეს. ოქროს ლიგაში 19 წლამდელებმა ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით ოქროს მედლები დაიბრუნეს და უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მიიღეს. 17 წლამდე გუნდმა გოჩა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ბოლო ტურში გაიფორმა ტიტული. პირველობის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ოქროს მედლები მოიგო ვახტანგ იაგორაშვილის გაწვრთნილმა 15 წლამდე გუნდმაც. ელიტ ლიგის 2003 წლამდელთა გათამაშებაში ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ გოჩაშვილის ერთი წლით პატარა გუნდმა მოიპოვა. U13 ტურნირის მთავარი პრიზი კახა გოგოლაძემ 12 წლამდელთა გუნდით მოიპოვა, ხოლო 12 წლამდე ტურნირზე პირველობა დინამოს სკოლის გუნდით არ დაუთმო არავის. 11 წლამდე ელიტ ლიგის გამარჯვებული რევაზ გვარაკიძის გუნდი გახდა. იმავე ტურნირში ასპარეზობდნენ ზურაბ ელიავას 10 წლამდელები (მათ ერთი ქულა დააკლდათ ბრინჯაომდე). 2007 წელს დაბადებულთა ჩემპიონატში კი შალვა კვარაცხელიამ ერთი წლით უმცროსი გუნდით ვიცე ჩემპიონის ტიტული მიიღო (ერთი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს). საბოლოოდ ასაკობრივ ტურნირებში დინამომ 7 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვა, რაც აბსოლიტური რეკორდია.