• Geo
  • Eng
03.11.2017
თბილისელთა და ბათუმელთა ურთიერთშეხვედრები

კვირას 5 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ოცდამეცამეტე ტურში ერთმანეთის წინაშე დინამო თბილისი და დინამო ბათუმი წარსდგებიან. მტკვრისპირელთა და ზღვისპირელთა 54- ე დაპირისპირება თბილისში, დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 53 მატჩიდან, 38- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ, დასრულდა, ხოლო 7 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 111/45 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ათჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. შვიდჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს.

ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს ბათუმში, რაგბი არენაზე შეხვდა. 2017 წლის 26 აგვისტოს გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები მასპინძელთა კარში ლევან გეგეჭკორმა და აკაკი შულაიამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024