• Geo
  • Eng
04.11.2017
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი | მატჩამდე

ეროვნული ლიგის ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი დინამო ბათუმს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის (14 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, რაგბი არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0:5 დამარცხდა.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად ერთი კვირაა რაც ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - ასლან ბალაძე მუშაობს. მისი გუნდი დღეისათვის 32 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 33 ქულით, სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

ბათუმელებმა 2017 წლის პირველობა ლოკომოტივთან 1:2 მარცხით გახსნეს. შემდეგ გორის დილას აჯობეს 1:0 და თასის 1/16 ფინალში ფოთის კოლხეთთან იმავე ანგარიშით დამარცხდნენ. შემდეგ იყო მარცხი სამტრედიასთან 0:1 და ორი გამარჯვება. შესაბამისად ჩიხურასთან 1:0 და შუქურასთან 2:0. ამას ბათუმელებმა სამი წაგება მიაყოლეს. შესაბამისად: დინამო თბილისთან 0:1, საბურთალოსთან 0:2 და ტორპედოსთან 1:3. ამის შემდეგ ბათუმელებმა კოლხეთს მოუგეს 1:0 და ისევ მიჯრით სამი მარცხი. ლოკომოტივთან 1:2, დილასთან 2:3 და სამტრედიასთან 0:2. ჩიხურასთან ზღვისპირელებმა უგოლოდ ითამაშეს და ქობულეთის შუქურას 4:2 მოუგეს. ამას მოჰყვა მიჯრით სამი მარცხი - დინამო თბილისთან 0:4, საბურთალოსთან 0:1 და 0:1 ქუთაისის ტორპედოსთან. შემდეგ იყო უგოლო ფრე კოლხეთთან და ორი გამარჯვება. ლოკომოტივთან 1:0, ხოლო დილასთან 2:1. ბათუმელებმა სამტრედიასთან წააგეს 0:1 და ჩიხურასთან 1:2, ხოლო დინამომდე შუქურას მოუგეს 3:2. დინამოსთან საინტერესო პაექრობა ბათუმელებმა 1:2 დათმეს. ამას კიდევ ორი მარცხი მიაყოლეს და ორივე ერთნაირი ანგარიშით 0:5- საბურთალოსთან და ტორპედოსთან. შემდეგ იყო გამარჯვება კოლხეთთან 2:0 და ისევ მარცხი, ამჯერად ლოკომოტივისგან 0:3. ბათუმელებმა გილას მოუგეს 1:0 და მიჯრით ორჯერ დამარცხდნენ, სამტრედიასთან 0:3 და ჩიხურასთან 1:2. ბოლოს დინამო ბათუმი შუქურას უგოლოდ დაუზავდა.

 

 

დინამო ბათუმი - დინამო თბილისი  | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 53 მატჩიდან, 38- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ, დასრულდა, ხოლო 7 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 111/45 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ათჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. შვიდჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს.

ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს ბათუმში, რაგბი არენაზე შეხვდა. 2017 წლის 26 აგვისტოს გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები მასპინძელთა კარში ლევან გეგეჭკორმა და აკაკი შულაიამ გაიტანეს.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი გაუძღვება. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ბ. გლუშჩუკი შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ბათუმელი ბექა ვარშანიძე გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024