• Geo
  • Eng
23.10.2017
დინამო სამტრედიასთან დამარცხდა

დინამო არენაზე დღეს ეროვნული ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. თამაში პირველივე წუთებიდან ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. უკვე მესამე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. ბექა მიქელთაძე აკრძალული ხერხით შეაჩერეს, ხოლო პენალტი ლაშა თოთაძეს ომარ მიგინეიშვილმა აუღო. საპასუხოდ სერგეი ლიტოვჩენკომ დავით რაჟამაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია. მატჩი მაღალ ტემპში და დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. შეხვედრის 37- ე წუთზე უკვე თბილისელთა კარი გადაურჩა გაშვებულ გოლს, ინტერს გიის ძლიერად დარტყმული კარის ძელმა უკუაგდო, საპასუხოდ კი ბექა ქავთარაძეს ახლო მანძილიდან დარტყმული ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და კიდევ ერთხელ გადაურჩა სამტრედია გაშვებულ გოლს. მიქელთაძის თავით დარტყმული ამჯერად ხარიხამ მოიგერია და პირველი ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევარი ისეთივე მაღალ ტემპში გაგრძელდა, როგორც პირველი. გუნდებმა თითო სახიფათო მომენტიც გაცვალეს. სამტრედიის კარს ოთარ კიტეიშვილი ემუქრებოდა, მასპინძლებს კი ინტერს გიი უტევდა. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იყოჩაღეს. მე- 80 წუთზე სამტრედია კიდევ ერთხელ იხსნა ომარ მიგინეიშვილმა, რომელმაც ბექა ქავთარაძის ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია. 9 წუთში სტუმრებმა საჯარიმო ჩამოაწოდეს, ანრი ნდონგმა კი ანგარიში გახსნა და სამტრედია დააწინაურა. დინამოელებმა ვეღარ მოახერხეს ანგარიშის შეცვლა და საკუთარ კედლებში 0:1 დამარცხდნენ. მომდევნო შეხვედრა დინამო 28 ოქტომბერს საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

დინამო  0:1  სამტრედია

 

გოლი: 0:1 ნდონგი 89’ 

გაფრთხილება: მიგინეიშვილი 3’  მანჯგალაძე 63’  კობოური 69’ 

 

დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური (კოვტალიუკი 90+3), ქარდავა, კიტეიშვილი, კუცია (ქოჩლაძე 75), ზარია (თევზაძე 86), მიქელთაძე, ქავთარაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, გიი (მარკოზაშვილი 90+2), ოლაიტანი, საბანაძე (სამუშია 90)

 

მსაჯი:  გ. ყრუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024