• Geo
  • Eng
27.10.2017
ჩიხურა - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრას დინამოელები 28 ოქტომბერს საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიოინზე 20.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ - 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა პირველი შედეგიანი რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებულმა მესამე საფეხურმა და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. 2016 წლის სეზონი კი გუნდისთვის შიდა არენაზე ყველაზე წარმატებული გამოდგა. ზემოიმერულმა გუნდმა გარდამავალი პირველობის ვერცხლის მედლები მოიპოვა და ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა. პირველ ეტაპზე ჩიხურა ავსტრიულ ალტახს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე- სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 2013/2014 სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით საჩხერის ჩიხურამ სამჯერ იასპარეზა ევრო თასებზე. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ფრუიძის გუნდმა ვერცხლის მედლები და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე პირველობაზე სოსო ფრუიძის გუნდი დაგროვებული 46 ქულით გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე ...

29- ე ეროვნული ლიგა საჩხერის ჩიხურამ გორის დილასთან ნათამაშები უგოლო ფრით გახსნა. შემდეგ იყო გამარჯვებები სამტრედიასთან 1:0, თასის 1/16 ფინალში ლესიჭინესთან 7:0 და ქობულეთის შუქურასთან 3:1. ჩიხურა ბათუმის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რასაც ჩვენს გუნდთან 1:2 მარცხი მოჰყვა. შემდეგ ჩიხურამ 2:1 მოუგო საბურთალოს და იმავე ანგარიშით დათმო მატჩი ტორპედოსთან. ჩიხურამ 3:1 მოუგო ფოთის კოლხეთს და საქართველოს თასზე 2:0 აჯობა გაგრას. ამის შემდეგ ჩიხურამ მიჯრით სამი შეხვედრა წააგო. ლოკომოტივთან 0:5, დილასთან 0:2 და სამტრედიასთან 1:2. სამტრედიის შემდეგ ჩიხურამ 4:1 აჯობა შუქურას და უგოლო ფრედ ითამაშა ბათუმის დინამოსთან. ჩიხურამ დინამოს და სამტრედიას მოუგო ერთნაირი ანგარიშით 2:1, დამარცხდა ტორპედოსთან 0:3 და მოუგო კოლხეთს 3:1. ამას მოჰყვა მარცხი ლოკომოტივთან 0:3 და გამარჯვება დილასთან 4:2. შემდეგ იყო მარცხი 0:3 სამტრედიასთან, ყაიმი შუქურასთან 1:1 და გამარჯვება ბათუმის დინამოსთან 2:1. ჩიხურა ხუთი უპასუხო გოლით ჩვენს გუნდთან დამარცხდა და 0:0 ითამაშა საბურთალოსთან. შემდეგ ტორპედოს მოუგეს 2:0, თასზე დილასთან 3:0 იმარჯვეს და 2:1 ფოთის კოლხეთი დაამარცხეს. ამას მოჰყვა სამ მატჩიანი წაგებათა სერია- ლოკომოტივთან 0:3, დილასთან 0:1 და სამტრედიასთან 1:2. ჩიხურამ შუქურას მოუგო 1:0 და ბათუმის დინამოს 2:1.

 

 

ჩიხურა - დინამო

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 19 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უპირატესობაა - 11 მოგება, 4 მარცხი და 4 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 46/15 თბილისელთა სასარგებლოდ.

სადებიუტო შეხვედრაში 2006 წლის 18 ნოემბერს, დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0. 2015 წლის 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. შემდეგ დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო შეხვედრაში ეს გუნდები 2016 წლის 16 აპრილს ივანწმინდაში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1:0 მორჩა. 7 აგვისტოს ივანწმინდაში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გარდამავალ ჩემპიონატში ეს გუნდები 1 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს და დინამო არენაზე ჩიხურამ 2:1 იმარჯვა. გოლი ზემოიმერელთა კარში ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა. 2017 წლის 5 აპრილს დინამო არენაზე თბილისელებმა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ზარიას გოლებით 2:1 მოიგეს. ივანწმინდაში ამ გუნდების მეორე წრის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი საჩხერელთა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მესამე წრეში კი დინამომ 5:0 დაჯაბნა მეტოქე. ორი გოლი ჩიხურას კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. თითოჯერ კი თავი ბექა მიქელთაძემ, ბაქარ ქარდავამ და ლაშა ქოჩლაძემ გამოიჩინეს.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას არსენ ნონიკაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ტ. რუხაია იქნება. მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ჩიხურას ფეხბურთელი მიხეილ სარდალიშვილი გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024