დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კახი კაჭარავამ მიმდინარე წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. დინამო ტრავმირებული გიორგი თევზაძის და გიორგი ზარიას გამოკლებით თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ვარჯიშში ახალწვეულთა გარდა, 19 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებიც იღებდნენ მონაწილეობას.
კლუბში ასევე სინჯებზეა 4 ფეხბურთელი: 25 წლის ფორვარდი, უკრაინის მოქალაქე ევგენი ბოხაშვილი, რომელიც დნიპროს აღზრდილია. მას დნიპროს გარდა სხვადასხვა დროს კრივბასის, კარპატის, ვოლინის, ნაფტოვიკის და რუხის რიგებში უთამაშია. ბელარუსის მოქალაქე, 18 წლის ნახევარმცველი ნიკა ბასარია. იგი დინამო მინსკის და ესპანური კორნელიას ღირსებას იცავდა. 23 წლის ნახევარმცველი ლაშა მანაგაძე, რომელიც ბოლნისის სიონში გამოდიოდა და 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გურამ ლუკავა. ლუკავა ფოთის კოლხეთში და პოლონურ ლეგიონოვიაში თამაშობდა. სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება ფეხბურთელებს და ამის შემდეგ გადაწყდება შეკრებაზე წამსვლელთა ვინაობაც. დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ზამთრის თასზე მიიღებენ მონაწილეობას, 22 იანვრიდან კი თურქეთში გაივლიან შეკრებას.