დინამოელები თურქეთის მთიან კურორტ- კარტეპეში, პირველ მოსამზადებელ შეკრებას გადიან. შეკრებაზე ძირითადი აქცენტი ფიზ-მომზადებას ეთმობა, თუმცა საკონტროლო მატჩებიც დაიგეგმა. თბილისელები 15 ივნისს თურქმენეთის შაგადამს დაუპირისპირდნენ და 1:0 აჯობეს მეტოქეს. ხვალ დინამო კიდევ ერთ სპარინგს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის პრო ლიგის მეექვსე ადგილოსანი- ალ ფაისალი იქნება.
საუდის არაბეთის ქალაქ ჰარმას გუნდი 1954 წელს დაარსდა. ჩვენი მომავალი მეტოქე გუნდის ფერები თეთრი და შინდისფერია. საშინაო შეხვედრებს გუნდი პრინც სალმან აბდულაზის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7000 მაყურებელია.
გუნდი დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. 2003 წელს ალ ფაისალმა საუდის არაბეთის მეორე დივიზიონში იმარჯვა. 2006 წელს გუნდმა პირველი დივიზიონის ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2010 წელს იმავე დივიზიონში იჩემპიონა. 2010 წლიდან ალ ფაისალი პრო ლიგაში ასპარეზობს და ჯერ-ჯერობით ორჯერ დაკავებული მე- 8 ადგილით დაიკვეხნის. მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის დეკემბრიდან იტალიელი სპეციალისტი- ჯოვანი სალინასი მუშაობს.
ალ ფაისალის შემადგენლობაში ადგილობრივი ფეხბურთელების გარდა 4 ლეგიონერი ასპარეზობს. იორდანიელი ნახევარმცველები- ხალილ ბანიატეა და იასენ ალ ბახეტი. ბრაზილიელები, ნახევარმცველი- რეინალდუ და თავდამსხმელი- მარსელუ.