• Geo
  • Eng
05.11.2017
თბილისელებმა ბათუმელები დიდი ანგარიშით დაამარცხეს

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩი აქტიურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე სტუმრებმა ხელიდან გაუშვეს კარის აღების რეალური შანსი, თეიმურაზ შონიამ ახლო მანძილიდან თავით არაზუსტად ითამაშა. მასპინძლებმა ბექა მიქელთაძის დარტყმით უპასუხეს ბათუმელებს. გიორგი ზარიას ჩაწოდებულ კუთხურს ბექა ერთი შეხებით აგვირგვინებდა, დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. თბილისელებმა ანგარიში მე- 19 წუთზე გახსნეს. ლევან გეგეჭკორმა შორი მანძილიდან ძლიერად გაისროლა და 1:0. გატანილი გოლის შემდეგ თბილისელები მთლიანად დაეუფლნენ სათამაშო ინიციატივას და ცოტახანში აკაკი შულაიას დარტყმული ბათუმელთა კარის ხარიხამ მოიგერია. მატჩის 33- ე წუთზე ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ, მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოედანზე ლაშა ქოჩლაძე შევიდა. პირველ ნახევარში აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა. შესვენების შემდეგ დედაქალაქელებმა ისევ აქტიურად განაგრძეს და ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში მეორე გოლიც გაიტანეს. ლევან გეგეჭკორის ტექნიკურ გადაცემას საჯარიმოში ბექა მიქელთაძე გამოეხმაურა და ზუსტი თავურით დალაშქრა ლევან შოვნაძის კარი. მე- 60 წუთზე ბექა მიქელთაძის ჩაწოდებულის შემდეგ ბექა ქავთარაძე ამწვავებდა თამაშს, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. საპასუხოდ ბათუმელთა კაპიტანმა ახლო მანძილიდან მეორედ ვერ გამოიყენა გოლის გატანის შანსი. შეხვედრის 75- ე წუთზე მასპინძლებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ლევან გეგეჭკორმა მოედნის ცენტრიდან ზუსტად შენიშნა მარცხენა ფრთაზე გახსნილი ბექა მიქელთაძე და ბურთიც გადააწოდა, ჩვენი გუნდის ცხრიანის დარტყმულმა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა სტუმართა კარის ძელს. ოთხიოდე წუთში კი მიქელთაძემ ახლო მანძილიდან ანგარიში 3:0 გახადა. აკაკი შულაიას თამაშია აღსანიშნავი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა საჯარიმოში და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. 82- ე წუთზე ბექამ ჰეთ თრიქი გაიფორმა (პირველად დინამოს ფორმით). მან მოედნის ცენტრში ბრძოლაში მოიპოვა ბურთი, გადააწოდა აკაკი შულაიას, უკანვე დაბრუნებული ბურთი მიქელთაძემ ტექნიკური დარტყმით მეკარეს თავზე გადაავლო და 4:0. მატჩის ბოლოსკენ სერგი ლიტოვჩენკომაც იყოჩაღა, როდესაც ერთი ერთზე გასულ ოთარ მარცვალაძეს არ დაანება გატანა. გოლი არ გავიდა ხვიჩა კვარაცხელიას უძლიერესი დარტყმულის შემდეგაც, ბათუმელთა კარი მეხუთე გოლისგან ხარიხამ იხსნა. საბოლოოდ პაექრობა დინამო თბილისის გამარჯვბით 4:0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამო თბილისი ბათუმში, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ 18 ნოემბერს ჩაატარებს.

 

დინამო თბილისი  4:0  დინამო ბათუმი

 

გოლი: 1:0 გეგეჭკორი 19’  2:0 მიქელთაძე 49’  3:0 მიქელთაძე 79’  4:0 მიქელთაძე 82’ 

გაფრთხილება: ქარდავა 29’ 

 

დინამო თბილისი: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, ქარდავა (დავითაშვილი 85), ზარია (ქოჩლაძე 34), კიტეიშვილი, შულაია, მიქელთაძე, ქავთარაძე (კვარაცხელია 79)

დინამო ბათუმი: შოვნაძე, ფარტენაძე, მახარაძე, მგელაძე, გრიგალაშვილი, შონია, არზიანი (თევდორაძე 36), კვანტალიანი (მარცვალაძე 46), ქავთარაძე, ჩოგაძე (ფლამარიონი 70), სუხიაშვილი

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024