• Geo
  • Eng
22.09.2017
24 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 24 სექტემბერს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრას ქუთაისში ჩაატარებს. მორიგი ქართული დერბი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

24 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 5- ჯერ ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, 4 მატჩი კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 15/13 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1937 წელს დინამომ მოსკოვის მეტალურგს უმასპინძლა და 4:0 დაჯაბნა მეტოქე. ბორის პაიჭაძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც თენგიზ გავაშელმა გაიტანა. მომდევნო წელს მოსკოვის სპარტაკმა თბილისში მოგვიგო 6:1. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში სტუმარმა - ანატოლი სტაროსტინმა ჩაჭრა. 1947 წელს ჩვენმა გუნდმა სტალინგრადის ტრაქტორთან 1:1 ითამაშა, გოლი კი გაიოზ ჯეჯელავას ანგარიშზეა. ოცი წლის შემდეგ დინამო იმავე ანგარიშით მოსკოვში ცსკა- ს დაცილდა. მოსკოველთა კარი გოჩა გავაშელმა დალაშქრა. 1970 წელს დონის როსტოვის სკა მივიღეთ. ლევან და გივი ნოდიას გოლებით ლურჯ-თეთრებამ 2:0 იმარჯვეს. 1977 წელს ოდესაში ადგილობრივმა ჩერნომორეცმა 2:1 მოგვიგო. გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა. სამი წლის შემდეგ დონის როსტოვის სკა- ს რევაზ ჩელებაძის გოლით 1:0 მოვუგეთ და იმავე ანგარიშით 1984 წელს დნეპროპეტროვსკის დნეპრი დავამარცხეთ. თავი ნუკრი კაკილაშვილმა გამოიჩინა.

1993 წელს გიორგი ანჩაბაძის ზუსტი თამაშით 1:0 თერჯოლაში საპოვნელას მოვუგეთ. 1996 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში დინამო მოსკოვის ტორპედოს 1:1 დაუზავდა. გოლი მოსკოველებს გოჩა ჯამარაულმა გაუტანა. 2005 წელს ბორჯომში ადგილობრივ გუნდთან 1:2 დავმარცხდით. გოლი მიხეილ ბობოხიძის ანგარიშზეა. ხუთი წლის შემდეგ ბოლნისში სიონმა მოიგო 1:0.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024