• Geo
  • Eng
24.01.2018
ჩვენი მეტოქე - ზორია

დინამოელები 25 იანვარს თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ზორიასთან ჩაატარებენ. მატჩი სიდეში თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ზორია ლუგანსკი 1923 წელს დაარსდა. კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, თავდაპირველად კი მეტალისტი ერქვა. შემდეგ იყო ძერჟინეცი, შრომითი რეზერვი და ზორია მალსი. ლუგანსკელები დღეისათვის საშინაო შეხვედრებს ზაპოროჟიეში, 12 000- იან სტადიონ სლავუტიჩ არენაზე ატარებენ. ზორიას საკლუბო ფერები თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი. ზორიას საუკეთესო სეზონად 1972 წელი ითვლება, როდესაც ლუგანსკელებმა სსრკ- ს ჩემპიონატში გამარჯვება მოახერხეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ბროლის თასის ფინალში უკრაინელებმა 1974 და 1975 წლებში ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ ვერცხლის მედლებს დაჯერდნენ. იგივე გაიმეორა ჩვენმა ოპონენტმა 2015/2016 სეზონში, როდესაც უკრაინის თასის ფინალური შეხვედრა შახტართან 0:2 დათმო. დასრულებულ სეზონში კი ზორიამ საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. შავ თეთრებმა მიმდინარე ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და ესტერსუნდს, ბილბაოს ატლეტიკსა და ბერლინის ჰერტას დაუპირისპირდნენ. მიმდინარე შეკრებაზე ლუგანსკელებმა უკვე ჩაატარეს ოთხი მატჩი. 18 იანვარს 1:3 დათმეს ლეხ პოზნანთან, 21 იანვარს ფრედ 1:1 დაცილდნენ ზაგრების დინამოს. 23 იანვარს ჯერ სპარტაკ ტრნავასთან დათმეს 1:2 და შემდეგ უზბეკური აგმკ დაამარცხეს 3:0. გუნდს 2011 წლიდან უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი და ვეტერანი ფეხბურთელი - იური ვერნიდუბი ხელმძღვანელობს. საბჭოთა პირველობის შემდეგ დინამო და ზორია ერთმანეთს პირველად 2011 წლის ზამთარში შეხვდნენ და მეტოქემ 2:1 იმარჯვა. იმავე წლის ზაფხულში შეკრებაზე ჩატარებული მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 2013- ში ზორიამ 4:0 იმარჯვა. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის ზაფხულში, სლოვენიაში გამართულ შეკრებაზე შეხვდნენ და ფრედ 1:1 დაცილდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024