• Geo
  • Eng
02.02.2018
ჩვენი მეტოქე - ვორსკლა

თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის მესამე სპარინგ მატჩს უკრანის პრემიერლიგის მესამეადგილოსანთან - პოლტავის ვორსკლასთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ვორსკლა 1955 წელს დაარსდა. პოლტაველები საშინაო შეხვედრებს სტადიონ ვორსკლაზე მართავენ, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. პოლტავის ვორსკლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გათამაშებაში ძირითადად მეორე ლიგაში ასპარეზობდა. 1956 წელს გუნდმა უკრაინის თასი მოიპოვა. უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ვორსკლა 1996-1997 წლების სეზონში შეუერთდა და იმ გათამაშების ბრინჯაოს მედლებსაც დაეუფლა. 2009 წელს კი პოლტავის გუნდმა უკრაინის თასიც მოიგო. ევროპულ ასპარეზზე უკრაინული გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 2011-2012 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც ვორსკლამ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ჩვენი მომავალი მეტოქე უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 19 ჩატარებული შეხვედრიდან 31 ქულით მე–  3 ადგილზე იმყოფება. 9 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება და ბურთების ბალანსი 25/18. პოლტავის ვორსკლა შეკრებაზე თურქეთში 12 იანვრიდან იმყოფება. უკრაინელებმა ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრეს და ოთხივეში ერთნაირი ანგარიშთ 2:1 იმარჯვეს. უკრაინელებმა უზბეკეთის ნასაფი, სლოვაკური სპარტაკი და პოლონური იაგელონია და არკა დაამარცხეს. დინამოელები ვორსკლას ანტალიურ შეკრებაზე 2013 წლის იანვარში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უკრაინელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, ხოლო 2015 წელს ასევე იანვარში დინამო 0:1 დამარცხდა. უკრაინელებს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - ვასილ საჩკო ხელმძღვანელობს. გუნდში კი ქართველი ფეხბურთელები ანდრო გიორგაძე და სანდრო კობახიძე ასპარეზობენ.

 

ფოტო: vorskla.com.ua

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024