• Geo
  • Eng
16.11.2017
18 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

პარასკევს 18 ნოემბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრას ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ბათუმში, რაგბი არენაზე 14.00 საათზე დაიწყება.

18 ნოემბერს დინამოს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენი გუნდის აქტივში 6 მოგებაა ერთი მარცხის წილ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 22/7 თბილისელთა სასარგებლოდ.

როდესაც დინამოსთან დაკავშირებულ 18 ნოემბერზე ვსაუბრობთ, რთულია 1964 წლის წარმატების ფონზე რაიმე სხვა თამაშების აღწერა. ეს თარიღი ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საამაყოა ჩვენი კლუბის ცხოვრებაში. თუმცა მანამდე 25 წლით ადრე 1939 წელს, მტკვრისპირელებმა მოსკოვის ცსკა- ს უმასპინძლეს და იმ დაუვიწყარ შეხვედრაში 5:4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელები 1:4 აგებდნენ, მატჩის მეორე ნახევარში კი ოთხი ბურთის გატანა მოახერხეს. ასლან ხარბედიას დუბლს თითო გოლი მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ და გაიოზ ჯეჯელავამ მიამატეს. 1962 წელს დინამო იმავე გუნდთან 0:1 დამარცხდა. 1964 წელს ჩატარებული მატჩი კი ქართული ფეხბურთისა და დინამო თბილისის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ტაშკენტში ჩატარებულ საჩემპიონო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის ტორპედო 4:1 დაამარცხა და პირველად დაეუფლა სსრკ- ს ჩემპიონატის ოქროს მედლებს. ოქროს მატჩში თავის გამოჩენა ილია დათუნაშვილმა (ორჯერ), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა მოახერხეს. (დინამოს ამ 18 ნოემბერსაც ექნება საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შანსი, იმ შემთხვევაში თუ დედაქალაქელები იმარჯვებენ, ხოლო უშუალო კონკურენტი ქულებს დაკარგავს).

1997 წელს თბილისელებმა ზუგდიდის ოდიშს უმასპინძლეს და ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მეტოქე. ორ-ორი ბურთი ლევან ხომერიკის და დავით მუჯირის ანგარიშზეა. 2006 წელს დინამომ საჩხერეს ჩიხურა მიიღო და 3:1 აჯობა. გოლები გაიტანეს: მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ საკუთარ კარში. 2012 წელს მიკელ ალვაროს და ჩისკო მუნიოსის გოლებით ფოთში კოლხეთს 2:0 მოვუგეთ. 2016 წელს თბილისური დერბი დინამო არენაზე შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ლოკომოტივის კარში გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024