• Geo
  • Eng
28.09.2017
29 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

29 სექტემბერს დინამო თბილისი სამტრედიაში ეროვნული ლიგის ოცდამერვე ტურის შეხვედრას გამართავს. ჩვენს გუნდს ფოთის კოლხეთი უმასპინძლებს, მატჩი კი 16.00 საათზე დაიწყება.

ჩვენ გუნდს 29 სექტემბერს 11 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც დინამომ 3 მატჩი მოიგო, 3 პაექრობა ფრედ დაასრულა და 5 თამაში წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 20/14.

სსრკ პირველობაზე 1936 წელს თბილისელი ფეხბურთელები გასვლით მატჩში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდნენ. ორი დინამოს დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. მოსკოველთა კარში გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა. 1940 წლის 29 სექტემბერს დინამომ სტუმრად დაამარცხა სტალინოს სტახანოვეცი. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 2:0 სძლია. გოლები ვიქტორ ბერეჟნოიმ და ასლან ხარბედიამ გაიტანეს. 1949 წელს თბილისელებმა ლენინგრადის დინამოს უმასპინძლეს. დინამო არენაზე გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლით გაიოზ ჯეჯელავა გამოირჩა. 1969 წელს დინამო სტუმრად ოდესის ჩერნომორეცს დაუპირისპირდა. მატჩი ამ შემთხვევაშიც 1:1 მორჩა. უკრაინული გუნდის კარში გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა. 1973 წელს ჩვენი გუნდი სტუმრად მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა. თბილისელმა ფეხბურთელებმა შეხვედრა ანგარიშით 1:4 წააგეს. მოსკოვის დინამოს კარში გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა. 1985 წლის 29 სექტემბერს დინამო ბაქოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ნეფთჩის შეხვდა. თამაში ჩვენი ფეხბურთელების მარცხით 0:1 დასრულდა.

ევროპულ ასპარეზზე 29 სექტემბერს დინამოს სამი მატჩი აქვს გამართული. ჩვენმა გუნდმა ევროტურნირებზე 29 სექტემბერს პირველად 1976 წელს ითამაშა. თბილისში გამართული თასების მფლობელთა თასის 1/32 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დინამოსა და კარდიფს შორის, ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. დინამოელთაგან მეტოქის კარში გატანილი გოლებით ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძე გამოირჩნენ. 1982 წელს უეფას თასის გათამაშების 1/64 ფინალურ შეხვედრაში დინამო იტალიურ ნაპოლის დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 1998 წლის 29 სექტემბერს უეფას თასის გათამაშების მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში დინამომ ჰოლანდიურ ვილემ II უმასპინძლა. შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით 0:3 დასრულდა.

ეროვნულ პირველობაზე ჩვენმა გუნდმა 2007 წლის 29 სექტემბერს ბათუმის დინამოს დიდი ანგარიშით 7:0 მოუგო. აღნიშნულ შეხვედრაში ორ–ორი გოლი სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა გაიტანეს, თითო გოლი კი მიხეილ ხუციშვილმა, ლევან ხმალაძემ და ილია სპასოევიჩმა ჩაიწერეს თავის ანგარიშზე. 2013 წელს დინამომ მარტვილის მერანი მიიღო და ორის წილ ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს. დავით კვირკველიამ დუბლი შეასრულა, კიდევ ორი გოლი ირაკლი ძარიამ და პატრიკ ვუომ გაუტანეს მარტვილელებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024