• Geo
  • Eng
18.11.2017
ტაშკენტი 1964

18 ნოემბერი ქართული ფეხბურთში პირველი, დიდი გამარჯვების დღეა. 1964 წლის 18 ნოემბერს, დინამოელები პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. რეგულარულ ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა და მოსკოვის ტორპედომ 46-46 ქულა დააგროვეს, რის გამოც ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო. ოქროს მატჩი ტაშკენტში, 53 წლის წინ- 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში მოსკოველმა- ვლადიმერ შერბაკოვმა  გახსნა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე- ილია დათუნაშვილმა ანგარიში კუთხურიდან, ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრის ძირითადი დროც ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით პირველ ტაიმში ილია დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა ფაქტობრივად გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში მოსკოველი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა- სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 4:1.

ჩვენმა გუნდმა  პირველად მოიპოვა სსრკ- ს ჩემპიონატის ოქროს მედლები. ოქროს მატჩში დინამოს ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. მთავარი მწვრთნელი- გავრილ კაჩალინი გახლდათ, გუნდის უფროსი კი- ავთანდილ ღოღობერიძე.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024