• Geo
  • Eng
24.11.2017
26 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 26 ნოემბერს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისს უმასპინძლებს. მორიგი ქართული დერბი ამჯერად საქართველოს 29- ე პირველობის ჩემპიონს გამოავლენს. თბილისელებს მე- 17 ტიტულის მოსაპოვებლად ფრეც ხელს აძლევს, ქუთაისელებს კი გამარჯვება სჭირდებათ. საჩემპიონო მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.

26 ნოემბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და არც ერთში არ დამარცხებულა. აქედან 5- ში თბილისელებმა გამარჯვება იზეიმეს, ერთხელ კი ყაიმს დასჯერდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთბის ბალანსია 14/5 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული თამაშებიდან ბოლო სწორედ ქართული დერბი გახლდათ, რომელიც დინამომ მოიგო.

1963 წელს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და ფრედ 2:2 დაცილდა რკინიგზელებს. გოლები მოსკოველთა კარში სლავა მეტრეველმა და მურთაზ ხურცილავამ გაიტანეს.

1991 წელს თბილისელები ოჩამჩირეში ადგილობრივ ამირანს შეხვდნენ და 3:1 იმარჯვეს. ზუსტი დარტყმები კახა კაჭარავას (2) და ზაზა რევიშვილის ანგარიშზეა. 2003 წელს დინამომ იმავე ანგარიშით მცხეთას მოუგო, გოლები კი მცხეთელებს სანდრო იაშვილმა, ვიტალი დარასელიამ და რატი ალექსიძემ გაუტანეს. სამი წლის შემდეგ თბილისელები ბათუმს დაუპირისპირდნენ. მიხეილ ბობოხიძის დუბლით და გურამ კაშიას გოლით ჩვენმა გუნდმა ისევ 3:1 მოიგო მატჩი. 2010 წელს დინამო არენაზე ბოლნისის სიონს ვუმასპინძლეთ. მატჩი მასპინძლებმა სათავისოდ 2:0 დაასრულეს, გოლები კი მათე ვაწაძემ და ირაკლი ლექვთაძემ გაუტანეს ბოლნისელებს. 2016 წელს ქართული დერბი ქუთაისში შედგა და გიორგი ზარიას გოლით დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024