• Geo
  • Eng
25.11.2017
ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

კვირას ქართული დერბია. სწორედ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გაირკვევა წლევანდელი პირველობის გამარჯვებულის ვინაობა. დინამოსა და ტორპედოს საჩემპიონო პაექრობა დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 67- ე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 66 მატჩიდან,  34- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 17 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 113/62 თბილისელთა სასარგებლოდაა.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე.

ქუთაისელებს თბილისელი ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატში 5 წელზე მეტია არ დაუმარცხებიათ. ბოლოს ტორპედომ 2012 წლის 6 მაისს იმარჯვა. საკუთარ სტადიონზე კი ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც 2017 წლის 24 სექტემბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. ქუთაისელთა კარში გოლი ლაშა თოთაძემ გაიტანა.

დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1. აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024