• Geo
  • Eng
13.03.2014
16 მარტი დინამოს ისტორიაში

კვირას 16 მარტს დინამო არენაზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის XXII ტურის შეხვედრა. დინამო თბილისი საკუთარ კედლებში რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

16 მარტს დინამომ თავის ისტორიაში 8 შეხვედრა გამართა. 2 მატჩი სსრკ- ს ჩემპიონატში და 6 შეხვედრა საქართველოს პირველობაზე. 5 მოგება და 3 ფრე, ხოლო ბურთების ბალანსი 15/3 თბილისელთა სასარგებლოდ.

1984 წელს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. 1986 წელს ალმა-ათაში კაირათის წინააღმდეგ თბილისელებმა ასევე 0:0 ითამაშეს.

1991 წელს მტკვრისპირელებმა გურჯაანის ალაზანი დაამარცხეს სამი უპასუხო ბურთით. გოლები ქეცბაიამ, კაჭარავამ და გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. შემდეგ წელს დინამომ ქუთაისის ქუთაისს უმასპინძლა და 4:1 მოუგო მეტოქეს. შოთა არველაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ყაველაშვილმა და ინალიშვილმა გაიტანეს. 1994 წელს თბილისურ დერბიში დინამომ შევარდენს რევიშვილისა და კიკნაძის გოლებით 2:0 მოუგო. 2005 წელს ფოთში იმარჯვა დინამომ იმავე ანგარიშით. ოდიკაძე და დვალი გოლის ავტორები. 2011 წელს ბოლნისში ითამაშა თბილისურმა გუნდმა და ისევ 2:0 იმარჯვა. ხმალაძემ და ჯუისმა მოახერხეს თავის გამოჩენა. 2012 წელს დინამო არენაზე ლურჯ-თეთრებმა ფრედ 2:2 დაასრულეს შეხვედრა მარტვილის მერანთან. მარტვილელთა კარში გოლები ჩისკომ და კოშკაძემ გაიტანეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024