საქართველოს 30- ე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ კედლებში რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 5 მარტს 18.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. მშობლიურ ქალაქში სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩაატარებს. ეროვნული ლიგა 2- ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. კლუბში არაერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა.
მწვრთნელი და მოსამზადებელი ეტაპი
2018 წლის იანვრიდან რუსთავს რუსი ფეხბურთის სპეციალისტი - ვლადიმერ გაზაევი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით რუსთავმა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი თურქულ სიდეში გაიარა და ამხანაგური შეხვედრებიც ჩაატარა. ჩვენი მომავალი მეტოქე ერთნაირი ანგარიშით 0:2 დამარცხდა ბულგარულ ცარსკო სელოსთან და უნგრულ შიოფოკთან. ფრე 1:1 უზბეკურ ალმალიკთან. გამარჯვება 6:2 საფეხბურთო კლუბ სენეგალთან. 3:2 უკრაინულ კოლოსთან, 2:0 შვეიცარიულ ნატერსთან და 3:0 ყურგიზულ ალაისთან.
ურთიერთშეხვედრები
დინამო და რუსთავი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში შეხვდნენ. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას გოგა კიკაჩეიშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი შ. ქუხილავაა. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას რუსთავის ფეხბურთელი - გიორგი პაპავა გამოტოვებს.