საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXII ტურის შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ კედლებში რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
რუსთავის საფეხბურთო კლუბი მეტალურგი 1948 წელს დაარსდა. გუნდმა დაარსებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. რუსთავულმა კლუბი 2011 წელდა ასპარეზობას პირვანდელი სახელწოდებით აგრძელებს. რუსთავის მეტალურგი საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ არენაზე – ფოლადზე მართავს, რომელიც 6 200 მაყურებელს იტევს. მეტალურგის საკლუბო სიმბოლიკა ძირითადად წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ – 2006/2007 და 2009/2010 წლებში მოიპოვა. 2007 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში იმარჯვა.
მწვრთნელი და მეტალურგი
შეიძლება ითქვას, რომ მეტალურგი სეზონის განახლებას სახეცვლილებით ხვდება. გუნდის თავკაცად ვარლამ კილასონია დაინიშნა, ხოლო შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები მოხდა. გუნდმა თურქეთში გაიარა შეკრება და ჩაატარა 4 სპარრინგ მატჩი. რუსეთის გაზოვიკი რუსთაველებმა 1:0 დაამარცხეს. რუმინეთის ტირგუ მორეში 2:0 დაჯაბნეს. თურქმენეთის ნებითჩისთან იმავე ანგარიშით დამარცხდა მეტალურგი, ხოლო მაკედონიის ტურნოვოსთან ფრე 1:1.
დინამომდე
ზამთრის პაუზის შემდეგ რუსთაველებმა საქართველოს თასზე მეოთხედფინალური პაექრობის პირველი შეხვედრა სახლში დათმეს ჩვენს გუნდთან ანგარიშით 0:2. შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში 2:0 აჯობეს ვიტ ჯორჯიას, ფრე ითამაშეს 0:0 მერანთან და სახლში დამარცხდნენ სიონთან 0:2.
დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები
ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 47–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 29 მოგება, 10 ფრე და 8 მარცხი, ბურთების შეფარდება 94:37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 7–ჯერ დაფიქსირდა და შვიდივეჯერ დინამოს სასარგებლოდ.
ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და მეტალურგის უკანასკნელი დაპირისპირება გასულ წელს მეთერთმეტე ტურში შედგა. 2013 წლის 3 ნოემბერს რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში ჩვენი გუნდის მსგავსად, არც რუსთავის მეტალურგი მოისაკლისებს ფეხბურთელებს. გუნდები შეხვედრას ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.
დინამო VS მეტალურგი - მსაჯი
უმაღლესი ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი თავის არენაზე რუსტავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ლ. თოდრია და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯი ო. ხეცაძე იქნება.
ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად 26 თებერვალს ბოლნისის სიონთან გამართული მეცხრამეტე ტურის მატჩი იმსაჯა. ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ თბილისელთაგან დორინ გოგა, მეტალურგიდან კი, გიორგი ცხადაია გააფრთხილა.
უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 2 მარტს გამართული მერანი 0:0 მეტალურგი გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი უჩვენა.
მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში რუსთაველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
სეფიაშვილი - მახვილაძე, კაკაშვილი, კილასონია, ჩირგაძე - საჯაია, დობროვოლსკი, ქავთარაძე, მიქაბერიძე - ჩიმაკაძე, გიგაური