• Geo
  • Eng
21.11.2017
საბურთალო - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს ინაღდებენ, ჩვენი გუნდის წარმატებას კი ოქროს მედლები და ჩემპიონის მეჩვიდმეტე ტიტული მოჰყვება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. ამ სეზონიდან გუნდმა არენა შეიცვალა და სტუმრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გასულ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა. მიმდინარე პირველობაზე საბურთალოს 34 ჩატარებული მატჩიდან 56 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის ოქტომბრიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მანამდე იგი 2 წელი ედგა საბურთალოს სათავეში. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო. მიმდინარე სეზონში საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით 56 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

საბურთალომ ეროვნული ლიგა ქუთაისის ტორპედოსთან 1:0 გამარჯვებით გახსნა. ამას მოჰყვა მარცხი ფოთის კოლხეთთან 0:3 და თასის 1/16 ფინალში იმავე ანგარიშით შევარდენთან. შემდეგ იყო ორი გამარჯვება, ლოკომოტივთან 2:1 და დილასთან 1:0, რასაც ასევე ორი მარცხი მოჰყვა შესაბამისად- სამტრედიასთან 1:2 და ისევ 1:2 ჩიხურასთან. საბურთალო ბათუმის დინამოს ეთამაშა და 2:0 იმარჯვა, შემდეგ კი იმავე ანგარიშით ჩვენს გუნდთან დამარცხდა. ამას მოჰყვა მოგება, ფრე და მარცხი. 5:0 შუქურასთან, 0:0 ტორპედოსთან და ფოთის კოლხეთთან 1:2. 2:1 მოუგო საბურთალომ ლოკომოტივს, შემდეგ კი სამ შეხვედრაში დამარცხდა მიჯრით. 0:1 დილასთან, 2:3 სამტრედიასთან და 1:2 ჩიხურასთან. საბურთალომ ბათუმის დინამოს 1:0 მოუგო, რასაც დინამო თბილისთან დიდი ანგარიშით 0:5 მარცხი მოჰყვა. მომდევნო ტურში საბურთალომ შუქურას 2:1 აჯობა და იმავე ანგარიშით ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა. ამის შემდეგ საბურთალოს აღარ წაუგია. კოლხეთთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ ჩვენმა მომავალმა მეტქემ ჯერ ლოკომოტივი დაამარცხა 6:0, შემდეგ კი 2:0 მოუგო გორის დილას. ამას მოჰყვა ორი ფრე - სამტრედიასთან 1:1 და ჩიხურასთან 0:0. შემდეგ საბურთალომ ბათუმის დინამო დაამარცხა დიდი ანგარიშით 5:0. ამას კი ჩვენს გუნდთან 4:1 გამარჯვება მოჰყვა და 3:2 შუქურასთან. შემდეგ საბურთალომ 0:2 ტორპედოსთან წააგო და 6:3 კოლხეთს მოუგო. საბურთალომ ლოკომოტივთან 1:1 ითამაშა და ორჯერ მიჯრიტ მოიგო- დილასთან 3:1 და სამტრედიასთან 2:0. ჩიხურასთან წააგო საბურთალომ 0:2 და დინამო ბათუმს მოუგო 2:1.

 

 

საბურთალო - დინამო

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში სულ შვიდჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ხუთ შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა და ერთხელაც საბურთალომ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 17/4 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა- გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. ბოლო მატჩი კი ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთაოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4:1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ვარდიძე და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოტხე მსაჯის ფუნქციებს ა. ნონიკაშვილი შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას საბურთალოელი ნოდარ იაშვილი გამოტოვებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024