• Geo
  • Eng
18.04.2018
დინამო - სიონი | ურთიერთშეხვედრები

შაბათს 21 აპრილს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისელთა და ბოლნისელთა შეხვედრა გაიმართება. სიონი დინამოს მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო პაექრობა 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 57 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 46 მოგება, 4 ფრე და 7 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დედაქალაქელთა სასარგებლოდაა 140/31.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 45 გამარჯვებიდან მეტოქე 18 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2016 წლის 14 მაისს შედგა. ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. გოლები მასპინძელთა კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024