• Geo
  • Eng
05.03.2018
მარცხი რუსთავთან

დღეს დინამო არენაზე საიუბილეო 30- ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ რუსთავს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა. პირველ ტაიმში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშში ამის ასახვა ვერ შეძლეს. მე- 12 წუთზე ჩვენი გუნდის ახალწვეული გუჯა რუხაია შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, დაარტყა კიდეც, თუმცა ოდენ კუთხურს გამორჩა. ხუთიოდე წუთში იმავე სიტუაციიდან ბუდუ ზივზივაძე ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა შეტევას, ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა ნუკრი რევიშვილის კარს. მე- 20 წუთზე თბილისელთა კომბინაციას ბაქარ ქარდავა ძლიერი დარტყმით ასრულებდა. ბურთი ზემოდან გადაცდა მეტოქის კარს. 37- ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი თავით გზავნიდა ბურთს, სიტუაცია კი რუსთაველთა კიპერმა განმუხტა. ტაიმის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე მიჯრით ორჯერ იხსნა რევიშვილმა თავისი კარი. ჯერ აკაკი შულაიას არ გამოუვიდა დარტყმა, დამატებაზე კი ბუდუ ზივზივაძემ ვერ ივარგა. მეორე ტაიმი დინამოელებმა ისევ შეტევებით განაახლეს და დებიუტშივე ზივზივაძის დარტყმა და ისევ რევიშვილი. 55- ე წუთზე დედაქალაქელთა შეტევას გუნდის კაპიტანი თავური დარტყმით ასრულებდა, მაგრამ ისევ უიღბლობა და ბურთი რუსთაველთა კარის ხარიხამ მოიგერია. ცოტახანში სტუმრებმა შექმნეს სახიფათო მომენტი, რევაზ ბარაბაძის დარტყმული დემეტრე ბულისკერიამ კუთხურზე მოიგერია. 67- ე წუთზე კი რუსთაველთა კონტრშეტევა გეორგი გაბულოვის გოლით დასრულდა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და 84- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძეზე მეტოქის საჯარიმოში ლევან გეგეჭკორი დაჯარიმდა. თერთმეტმეტრიანი დინამოს ფორვარდმა ზუსტად შეასრულა და სტატუს ქვო აღადგინდა, თუმცა ორიოდე წუთში პენალტი უკვე დინამოს კარში დაინიშნა. ბექა მიქელთაძემ კი გატანილ გოლთან ერთად მატჩის საბოლოო შედეგი 1:2 დააფიქსირა. მეორე ტურის მატჩს დინამოელები 11 მარტს ლოკომოტივის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე ჩაატარებს.

 

 

დინამო 1:2 რუსთავი

გოლი: 0:1 გაბულოვი 67’  1:1 ზივზივაძე (პენ) 84’  1:2 მიქელთაძე (პენ) 86’

გაფრთხილება: კობახიძე 54’  ფონიავა 66’  კვირკვია 71’  რუხაია 71’  კიტეიშვილი 76’  გეგეჭკორი 83’

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია (კუცია 81), ივანიშვილი, შულაია, კიტეიშვილი, ზივზივაძე

რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, კვირკვია, ჩოგაძე (გორელიშვილი 46), ფონიავა, კობახიძე (ცარიკაევი 83), ცხოვრებოვი, გაბულოვი, ენდელაძე, მიქელთაძე, ბარაბაძე (კლიმიაშვილი 58)

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024