ოთხშაბათს 2 მაისს, ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის დილა დინამო თბილისს უმასპინძლებს. მატჩი 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 59- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 43 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 4 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 152/33 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და ოთხჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა 2:2 და 1:1 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0).
ბოლოს საქართველოს პირველობაზე დინამო თბილისი გორის დილას 2017 წლის 19 ოქტომბერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. დუბლი მასპინძელთა კარში ლაშა თოთაძემ შეასრულა.