პარასკევს 16 მარტს, დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართება. დინამო თბილისი სამტრედიას უმასპინძლებს. მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.
16 მარტს დინამომ თავის ისტორიაში 9 შეხვედრა გამართა. 2 მატჩი სსრკ- ს ჩემპიონატში და 7 შეხვედრა საქართველოს პირველობაზე. 5 მოგება, 3 ფრე და მარცხი, ხოლო ბურთების ბალანსი 15/4 თბილისელთა სასარგებლოდ.
1984 წელს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. 1986 წელს ალმათიში კაირათის წინააღმდეგ თბილისელებმა ასევე 0:0 ითამაშეს.
1991 წელს მტკვრისპირელებმა გურჯაანის ალაზანი დაამარცხეს სამი უპასუხო ბურთით. გოლები თემურ ქეცბაიამ, კახი კაჭარავამ და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. შემდეგ წელს დინამომ ქუთაისის ქუთაისს უმასპინძლა და 4:1 მოუგო მეტოქეს. შოთა არველაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მიხეილ ყაველაშვილმა და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. 1994 წელს თბილისურ დერბიში დინამომ შევარდენს ზაზა რევიშვილისა და გიორგი კიკნაძის გოლებით 2:0 მოუგო. 2005 წელს ფოთში იმარჯვა დინამომ იმავე ანგარიშით. დავით ოდიკაძე და ჯაბა დვალი - გოლების ავტორები. 2011 წელს ბოლნისში ითამაშა თბილისურმა გუნდმა და ისევ 2:0 იმარჯვა. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა მოახერხეს თავის გამოჩენა. 2012 წელს დინამო არენაზე ლურჯ-თეთრებმა ფრედ 2:2 დაასრულეს შეხვედრა მარტვილის მერანთან. მარტვილელთა კარში გოლები ჩისკო მუნიოსმა და ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანეს. 2014 წელს რუსთავის მეტალურგთან მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით 0:1 დასრულდა.