• Geo
  • Eng
30.03.2018
1 აპრილი დინამოს ისტორიაში

კვირას 1 აპრილს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ქართული დერბი გაიმართება. თბილისელები ქუთაისელებს დინამო არენაზე უმასპინძლებენ. პაექრობა 16.00 საათზე დაიწყება.

1 აპრილს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. დინამომ ამ შეხვედრებიდან 5 მათგანში იმარჯვა და 2- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 22/8 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1951 წელს სსრკ- ს უმაღლეს ლიგაში თბილისური დერბი გაიმართა, რომელშიც დინამომ სპარტაკს უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა მეტოქე. ბასა ღოღობერიძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც თანაქალაქელებს იური ვარდიმიადიმ გაუტანა. კატანოვმა და გუგუნავამ კი ავტოგოლებით გამოიჩინეს თავი. ხუთი წლის შემდეგ დინამომ მოსკოველ თანაკლუბელებს უმასპინძლა და 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი მოსკოველებს ანდრო ზაზროევმა გაუტანა. 1964 წელს თბილისელებმა მოსკოველი არმიელები მიიღეს და სამი უპასუხო გოლით დაჯაბნეს სტუმრები. არმიელებთან დუბლი ვლადიმერ ბარქაიამ გაიფორმა, ერთი გოლიც ბორის სიჭინავას ანგარიშზეა. 1981 წელს ჩვენმა გუნდმა მოსკოვის სპარტაკთან ითამაშა. დათო ყიფიანმა სახალხო გუნდს ორი გოლი გაუტანა, ვაჟა ჟვანიამ კი ერთი და დინამომ სპარტაკს 3:1 აჯობა. სამი წლის შემდეგ თბილისელები დონის როსტოვში ადგილობრივ სკა- თან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

1991 წელს დინამომ ქუთაისს უმასპინძლა და ერთის წილ ხუთი გოლი გაუტანა სტუმრებს. მიხეილ ყაველაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ქუთაისელებს შოთა არველაძემ გაუტანა, ერთი გოლი დინამოს დღევანდელი თავკაცის კახი კაჭარავას ანგარიშზეა და ერთი გოლიც დღევანდელი გუნდის უფროსმა გია ჯიშკარიანმა შეაგდო. 2000 წელს დინამომ სამტრედიის იბერია რეზო არველაძის და არჩილ სახვაძის გოლებით 2:0 დაამარცხა. ექვსი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბორჯომთან 2:4 დათმო მატჩი. დუბლი გია მეგრელაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024