• Geo
  • Eng
01.04.2018
დინამომ ქართული დერბი გამარჯვებით დაასრულა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში დინამომ ტორპედოს უმასპინძლა. ქართული დერბი მასპინძელთა შეტევით დაიწყო. კიტეიშვილი-ხარაბაძე-ივანიშვილის კომბინაცია არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მომდევნო შეტევაში კი დმიტრო ივანისენიას დარტყმული როინ კვასხვაძეს ნადავლი გახდა. მე- 10 წუთზე თბილისელებმა კარის აღების რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. სწრაფ კონტრშეტევას ცარიელ კარში დარტყმით ივანისენია ასრულებდა, ბურთი კი ძელს მოხვდა. ორი წუთის შემდეგ გუნდელის შეცდომა ბუდუ ზივზივაძემ ზუსტი დარტყმით გამოასწორა და დინამო დაწინაურდა. მოედნის ცენტრში გიორგი კუციამ ითამაშა კარგად, მან ჯაბა ლიპარტიას აართვა ბურთი, შემდეგ ოთარ კიტეიშვილი მოძებნა, რომელმაც თავის მხრივ ზივზივაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და 1:0. ბოლოსკენ აკაკი შულაიამ ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან. საჯარიმოში ოდნავ დაახანა და მცველს ბურთი ვეღარ ააცილა. ტაიმის ბოლო წუთზე კი ელვისებურად განვითარდა მოვლენები. მსაჯმა ჯერ გიორგი კუციას გოლი ოფსაიდის გამო გააუქმა, მომდევნო შეტევაში კი გიორგი ივანიშვილის გადაცემით ბუდუ ზივზივაძემ ისარგებლა და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმი ოდნავ დაბალ რიტმში განახლდა. სტუმრებმა ერთი სახიფათო შეტევაც განახორციელეს 50- ე წუთზე, თუმცა ლევან კუტალიას დარტყმული სუსტი გამოდგა. ამის შემდეგ დინამომ ისევ უმატა შეტევებს და 63- ე წუთზე გიორგი ივანიშვილის დარტყმულის შემდეგ კარი როინ კვასხვაძემ ბოლო წამს იხსნა. ამის საპასუხოდ ბექა ტუღუშის საკმაოდ სახიფათო დარტყმაა აღსანიშნავი, ბურთი მცირედით აცდა მასპინძელთა კარს. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბუდუ ზივზივაძეს ჰეთ თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ ერთი ერთზე გასულმა ტორპედოს კიპერს ვეღარ აჯობა. საბოლოოდ დინამომ ტორპედოს 2:0 აჯობა და მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა.

 

დინამო  2:0  ტორპედო

 

გოლი: 1:0 ზივზივაძე 12’  2:0 ზივზივაძე 45’

გაფრთხილება: ბულისკერია 45’  კუტალია 57’  კუცია 77’ 

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია (ძალამიძე 73), კუცია (ქოჩლაძე 87), შულაია (ნინუა 90), კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, წიქარიძე (კუხიანიძე 73), დოლიძე (სარდალიშვილი 68), ქიმაძე, ლიპარტია, გიგაური, გურული, კაპანაძე (ტუღუში 13), კუტალია

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024