• Geo
  • Eng
05.04.2018
დინამომ ჩიხურაც დაამარცხა

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ჩიხურასა და დინამოს შორის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩის დაწყებამდე სპორტულმა ვებ გვერდმა goal.ge- მ მარტის თვის საუკეთესო გოლისთვის განკუთვნილი პრიზი ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველს - გიორგი კუციას გადასცა. თავად გოლი კუციამ მესამე ტურში სამტრედიელთა კარში გაიტანა.

ჩიხურასა და დინამოს შორის შეხვედრა აქტიურად დაიწყო, პირველივე წუთებზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, საპასუხოდ ლაშა ჩიკვაიძის დარტყმული დემეტრე ბულისკერიას ნადავლი გახდა. მე- 4 წუთზე კი დინამოელებმა გახსნეს ანგარიში. ლევან ხარაბაძის ზუსტი გადაცემა ნიკა ძალამიძემ ასევე ზუსტი და ძლიერი დარტყმით, დინამოს ფორმით თავის სადებიუტო გოლად გარდასახა. ასევე ამ გუნდების დაპირისპირებაში ძალამიძის გოლი ზემოიმერელთა კარში 50- ე გამოდგა. მე- 12 წუთზე სტუმრებს ორი გოლით დაწინაურება მართებდათ, თუმცა ბუდუ ზივზივაძის შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა დინო ჰამზიჩმა მოიგერია. ხუთიოდე წუთში კი ჩიხურას ფეხბურთელებმა აღადგინეს წონასწორობა. გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა. მოვლენები სწრაფად განვითარდა და უკვე 22- ე წუთზე დედაქალაქელები ისევ დაწინაურდნენ. საჯარიმო დარტყმა ზუტად და ტექნიკურად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს, თუმცა ერთ მომენტში კონტრშეტევაც გაეპარათ და თბილისელთა კარი დემეტრე ბულისკერიამ იხსნა. ტაიმის ბოლოსკენ ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კიტეიშვილი ამწვავებდნენ თამაშს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მეკარემ იყოჩაღა და პირველი ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევარის დებიუტში დინამოელებს კიდევ შეეძლოთ ერთი გოლის გატანა. მეკარესთან პირისპირ ნიკა ძალამიძე გადიოდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და მომენტიც გაუფუჭდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა შეტევებს უმატეს და საბოლოოდ პენალტიც გამოიმუშავეს. დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა, ბურთი კი დემეტრე ბულისკერიამ უკუაგდო და თბილისელებს ერთბურთიანი ფორა შეუნარჩუნა. ბოლო წუთებში მასპინძლებმა უმატეს ტემპს და რამდენიმე სახიფათო დარტყმაც შეასრულეს, ამის პარალელურად დინამოელებიც კონტრშეტევებზე აქტიურობდნენ, მაგრამ ასევე უშედეგოდ. საბოლოოდ შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მომდევნო მატჩს დინამო 15 აპრილს საკუთარ სტადიონზე საბურთალოსთან ჩაატარებს.  

 

ჩიხურა  1:2  დინამო

 

გოლი: 0:1 ძალამიძე 4’  1:1 გაბედავა 17’  1:2 კიტეიშვილი 22’ 

გაფრთხილება: მირცხულავა 21’  ხარაბაძე 68’  კიტეიშვილი 84’  შულაია 90+3’ 

 

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, კაშია, მაისაშვილი, გაბედავა, კახაბრიშვილი (ჩიხლაძე 56), ბუღრიძე, კაკუბავა, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი (იონანიძე 86)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, კუცია (ივანისენია 84), კიტეიშვილი, შულაია, ძალამიძე (ქოჩლაძე 62), ივანიშვილი (თევზაძე 90+2), ზივზივაძე

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024