30- ე ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩი, რომელშიც დინამო ტორპედოს დაუპირისპირდება ქუთაისში შედგება. ქართული დერბი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:30 დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის გვერდი უზრუნველყოფს.
ჩვენი მეტოქე
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ– ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა.
მწვრთნელი და ტორპედო
2016 წლის სექტემბრიდან ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - კახაბერ ჩხეტიანი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებას და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასთან ერთად საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა. ტორპედომ ჩხეტიანის ხელმძღვანელობით სეზონის სტარტზე სუპერთასიც მოიგო. მიმდინარე გათამაშებაში ჩხეტიანის გუნდს 12 მატჩიდან დაგროვებული 17 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები
არასკევს 25 მაისს, ქუთაისში მორიგი ქართული დერბია. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 69- ე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 68 მატჩიდან, 35- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 17 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 115/63 თბილისელთა სასარგებლოდაა.
ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 14- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის დინამო არენაზე 2018 წლის 1 აპრილს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა.
დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1. აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.
დინამომდე
ტორპედომ 2018 წლის სეზონი წარმატებულად გახსნა. ქუთაისელებმა სუპერთასის ფინალში საჩხერის ჩიხურა 2:1 დაამარცხეს და ტიტული მოიპოვეს. პირველ ტურში ქუთაისელები გორის დილასთან 2:3 დამარცხდნენ, ხოლო მომდევნო ორ ტურში რუსთავი და ლოკომოტივი დაამარცხეს, შესაბამისად 1:0 და 4:0. დინამოსთან თამაში დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 მორჩა, შემდეგ კი ტორპედომ 1:0 მოუგო სამტრედიას და 0:1 წააგო ჩიხურასთან. ამას მოჰყვა მარცხი საბურთალოსთან 0:2 და გამარჯვება სიონთან 3:0. შემდეგ ქუთაისელებმა ორჯერ ფრედ 1:1 ითამაშეს - კოლხეთთან და დილასთან. აჯობეს რუსთავს 2:1 და დამარცხდნენ ლოკომოტივთან 0:1.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. სანოძე და გ. ვარდიძე იქნებიან. მეოთხე მსაჯი ტ. რუხაიაა. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას დინამოელი ლევან ხარაბაძე გამოტოვებს.