27 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მერვე ტურში ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 59 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 40 შემთხვევაში იმარჯვეს, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 136/42 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1 ორჯერ დაფიქსირდა. 1998 წლის 30 ნოემბერს და 2017 წლის 21 ივლისს. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ. ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 29 სექტემბერს სამტრედიაში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ბექა ქავთარაძის ანგარიშზეა.