დღეს გორში ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. დილასა და დინამოს შეხვედრა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს. მე- 11 წუთზე ნოდარ ქავთარაძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული სტუმართა კარის ძელს მოხვდა. საპასუხოდ თბილისელებმა 24- ე წუთზე გახსნეს ანგარიში. ოთარ კიტეიშვილის გადაცემას ბუდუ ზივზივაძის ზუსტი თამაში მოჰყვა და დინამო დაწინაურდა. გორელმა ფეხბურთელებმა ათიოდე წუთში აღადგინეს წონასწორობა. საჯარიმოს მისადგომებიდან ლევან ნონიკაშვილმა დაარტყა ზუსტად. თამაში საკმაოდ მაღალ რიტმში გადავიდა და მომდევნო შეტევაში უკვე სტუმრებს მართებდათ გოლის გატანა. ბუდუ ზივზივაძის ძლიერი დარტყმული ოდნავ აცდა გიორგი ბეგაშვილის კარს. შემდეგ კი ლევან ხარაბაძემ გაირბინა მარცხენა ფრთა და მისი გადაცემა საბოლოოდ მეკარემ ჩაჭრა და პირველი ტაიმიც ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარი პირველის დარად მაღალ ტემპში წარიმართა. ბურთი შეიძლება ითქვას ცენტრში არც ჩერდებოდა. 55- ე წუთზე კიტეიშვილი-ზივზივაძის შეტევა ბოლო წამს მეკარემ ჩაშალა, საპასუხოდ კი ნოდარ ქავთრაძის დარტყმული ბოლო კარის ხაზზე ნონიკაშვილს მოხვდა და დინამოს კარი გადარჩა. 85- ე წუთზე დინამო გადაურჩა გაშვებულ გოლს, ნოდარ ქავთარაძის დარტყმული სანტიმეტრებში აცდა ბულისკერიას კარს. საპასუხოდ კი კიტეიშვილი-ხარაბაძე-ძალამიძის კომბინაციას ეს უკანასკნელი უძლიერესი დარტყმით აგვირგვინებდა. ამ შემთხვევაშიც ბურთი სულ მცირედით აცდა მიზანს. საბოლოოდ საკმაოდ თვალსასეირო და საინტერესო შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
დილა 1:1 დინამო
გოლი: 0:1 ზივზივაძე 24’ 1:1 ნონიკაშვილი 32’
გაფრთხილება: ივანისენია 19’ თოთაძე 58’ რაზმაძე 72’ 75’ თოთაძე 96’ ბულისკერია 96’ კოვტალიუკი 96’
გაძევება: რაზმაძე 75’ თოთაძე 96’
დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, ჩადუნელი, რაზმაძე, ქავთარაძე, რაჟამაშვილი (ლემპტი 69), ნონიკაშვილი, ფანცულაია (ფორტისი 65), კვახაძე, ლეანდრუ (კოვტალიუკი 84), სუხიაშვილი
დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (ქოჩლაძე 46), შულაია (ძალამიძე 83), ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე
მსაჯი: ჯ. ხორავა