დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის XXI ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისის დუბლები ქუთაისის ტორპედოს დუბლებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მეტოქე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობდა, რამაც გარკვეული დაღი დაასვა მატჩის სანახაობრივ მხარეს. პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. შეხვედრის მეორე ნახევარში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდების უპირატესობა გამოიკვეთა და თბილისელებმა 77– ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხეს. ზუსტი შორეული დარტყმით ქუთაისელთა კარში გოლი ვაჟა ქიქავამ გაიტანა. დინამოელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამომ 1:0 იმარჯვა და 49 ქულით გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე იმყოფება.
დინამო დუბლები 1:0 ტორპედო დუბლები
გოლი: ქიქავა 77’
დინამო (დუბლები): შოვნაძე, კაპანაძე, თევზაძე, ნემსაძე, მარაქველიძე, ქიქავა, ვეკუა, კვარაცხელია, კვერნაძე, მათიაშვილი, ა. მესხი
შეცვლაზე შევიდნენ: კობახიძე, ლაშხია, მაჭავარიანი, კახნიაშვილი