• Geo
  • Eng
13.04.2018
15 აპრილი დინამოს ისტორიაში

კვირას 15 აპრილს დინამო საბურთალოს უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩი დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება.

15 აპრილს დინამოელებს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 6 შეხვედრა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა, 2- ჯერ ყაიმი დაფიქსირდა და 4 მატჩიც მეტოქემ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 19/9 დინამოს სასარგებლოდ.

1951 წელს დინამოელებმა მოსკოვის ტორპედო მიიღეს და სახლში საკმაოდ დამწუხრებულები გაუშვეს. იმ შეხვედრაში თბილისელებმა მოსკოველებს ერთის წილ შვიდი გოლი გაუტანეს. კონსტანტინე გაგნიძემ ავტოქარხნელთა კარში პოკერი შეასრულა. თითო გოლი კი ავთანდილ ღოღობერიძემ, ბორის პაიჭაძემ და ნიკოლოზ თოდრიამ გაიტანეს. 1956 წელს ჩვენი გუნდი მოსკოვის ლოკომოტივთან 0:1 დამარცხდა. 15 აპრილს დარჩენილი სამი მარცხიც იმავე ანგარიშით დაფიქსირდა. შესაბამისად - 1966 წელს თბილისში მოსკოვის სპარტაკთან, 1972 წელს მინსკში თანაკლუბელებთან და 1989 წელს ვილნიუსში ჟალგირისთან. 1963 და 1964 წლებში დედაქალაქელებმა ორი მატჩი ფრედ დაასრულეს. პირველ შემთხვევაში ქუთაისში ტორპედოსთან გატანილი გოლების გარეშე და მეორედ თბილისში კუიბიშევის კრილია სოვეტოვთან 1:1. თავი სლავა მეტრეველმა გამოიჩინა. მომდევნო წელს დინამომ ოდესის ჩერნომორეცი მიიღო. მაისურაძის დუბლს ერთი გოლი ვლადიმერ ბარქაიამ მიმატა და ჩვენმა გუნდმა 3:2 იმარჯვა. 1979 წელს ლენინგრადში ზენიტს ვლადიმერ გუცაევის ზუსტი თამაშით 1:0 მოვუგეთ.

2003 წელს დინამომ თბილისურ დერბიში ლოკომოტივი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. გოლები გიორგი ანჩაბაძემ, რატი ალექსიძემ და მიხეილ ბობოხიძემ გაიტანეს. სამი წლის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს 2:1 ვლადიმერ ბურდულის და ჯაბა დვალის შედეგიანი თამაშით ვაჯობეთ. 2011 წელს რუსთავის ოლიმპი ალექსანდრე კოშკაძის და რობერტინიოს გოლებით 2:0 დავამარცხეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024