დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ტორპედომ დინამოს უმასპინძლა. 69- ე ქართული დერბი აქტიურად დაიწყო და უკვე მეშვიდე წუთზე გათამაშებული კუთხურის შემდეგ ლევან კუტალიამ ზუსტი თავურით დააწინაურა მასპინძლები. თბილისელებმა სახიფათო დარტყმით მე- 13 წუთზე უპასუხეს. დმიტრო ივანისენიას გასროლილი როინ კვასხვაძეს ხელებში მიუვიდა. მომდევნო შეტევაში უკვე ბუდუ ზივზივაძე აქტიურობდა, მისი ნახევარბრუნში დარტყმული ისევ მეკარის ნადავლი გახდა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და მე- 15 წუთზე ლამაზი კომბინაციის შედეგად წონასწორობა აღადგინეს. ოთარ კიტეიშვილმა ბუდუ ზივზივაძე მონახა საჯარიმოს ხაზთან, ჩვენი გუნდის 9 ნომერმა ერთი შეხებით აკაკი შულაიას შეაყოლა ბურთი, რომელმაც ზუსტი დარტმით აიღო მასპინძელთა კარი. გოლიდან 10 წუთში დედაქალაქელებმა კიდევ ერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს, რომლის დასრულებაც ვერც ოთარ კიტეიშვილმა მოახერხა და ვერც ნიკა ნინუამ, ამას დავით კობოურის ტექნიკური თამაში და ჩვენი გუნდის კაპიტნის ტექნიკურივე დარტყმა მოჰყვა, ბურთი ზევიდან გადაცდა მასპინძელთა კარს. ნახევარი საათის თავზე ორივე გუნდმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ თორნიკე კაპანაძე არტყავდა მაკრატელას, ბურთი კი არაზუსტად გაფრინდა, საპასუხოდ ოთარ კიტეიშვილი ცრუმოძრაობით შეიჭრა საჯარიმოში, მისი გასწვრივ ჩაწოდებული კი ბოლო წამს როინ კვასხვაძემ გააქვავა. 37- ე წუთზე უკვე დემეტრე ბულისკერიამ იხსნა სტუმართა კარი, როდესაც მიშიკო სარდალიშვილის ძლიერად დარტმული ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმი, რომელმაც სანახაობრივ და მაღალ რიტმში ჩაიარა 1:1 დასრულდა. დერბის მეორე ნახევარი პირველის დარად მაღალ რიტმში გაგრძელდა. ბურთი ფაქტიურად მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა, თუმცა რეალურ ხიფათამდეც საქმე არ მისულა. 75- ე წუთზე ქუთაისელებმა გაითამაშეს სახიფათო კომბინაცია, რომელსაც გრიგოლ დოლიძე უძლიერესი დარტყმით ასრულებდა, ბურთი დემეტრე ბულისკერიამ აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ შეცვლაზე შემოსული ლაშა ქოჩლაძე ამწვავებდა თამაშს და ასრულებდა ლამაზ კომბინაციას, თუმცა დარტყმას ძალა დააკლდა და მომენტიც განიმუხტა. მატჩის ბოლო წუთებზე სტუმრები გააქტიურდნენ და მიჯრით ორჯერ სახიფათო მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან. ჯერ ლაშა ქოჩლაძის დარტმაა აღსანიშნავი და შემდეგ ბუდუ ზივზივაძის თავური, რომელიც სულ მცირედით აცდა კარს. კომპენსირებული დროის პირველ წუთზე ისევ ბუდუ ზივზივაძის თავური და ისევ ოდნავ არაზუსტად. ამრიგად 69- ე ქართული დერბი ფრედ 1:1 დასრულდა.
ტორპედო 1:1 დინამო
გოლი: 1:0 კუტალია 6’ 1:1 შულაია 15’
გაფრთხილება: ნინუა 54’ ლოჩოშვილი 73’
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მამასახლისი, სარდალიშვილი (წიქარიძე 62), კაპანაძე (კუჭუხიძე 79), გურული, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური (ლიპარტია 88)
დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ივანისენია, ნინუა (ქოჩლაძე 75), შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 71), ზივზივაძე (ბაბუნაძე 90+2)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი