• Geo
  • Eng
14.06.2018
საბურთალო - დინამო | ურთიერთშეხვედრები

17 ივნისს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურში ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. საბურთალოსა და დინამოს დაპირისპირება 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში ცხრაჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ხუთ შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, ორი მატჩი ფრედ დასრულდა და ორჯერაც საბურთალომ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 17/5 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4:1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. 2017 სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024