• Geo
  • Eng
13.06.2018
დინამო მერვედფინალში გავიდა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისური დერბი გაიმართა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში დინმოელებმა შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს. გოლი ნიკა ძალამიძემ გაიტანა. მან მეტოქის საჯარიმოში ლუკა შეროზიას და უჩა ლობჟანიძეს აჯობა. ტაიმის მე- 18 წუთისთვის დინამოელთა კარი დიმიტრი ბულისკერიამ იხსნა. მან დავით ჯიქიას ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია. ტაიმის შუაში დინამოს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მიხეილ ერგემლიძემ ერთი ერთზე საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ თავისი შანსი ხელიდან დმიტრო ივანისენიამ არ გაუშვა. მან საჯარიმოში მიიღო ბურთი და ზუსტი დარტყმით დინამო კიდევ უფრო დააწინაურა. პირველი ტაიმი ლურჯ-თეთრებმა 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმის დებიუტში მოვლენები პირველის დარად განვითარდა, ოღონდ მსპინძელთა სასარგებლოდ. დასკვნითი ტაიმის დაიწყებიდან მეოთხე წუთზე ძლიერი დარტყმით გოლი ლუკა კიკაბიძემ გაიტანა. 58- ე წუთისთვის ლევან ხარაბაძეს ორჯერ შეეძლო სტატუს ქვოს აღდგენა, მაგრამ მისი პირველი დარტყმული მეკარემ გააუვნებელჰყო, მეორედ კი მიზანს ააცილა. დინამოელებმა ამის შემდეგ კიდევ ორი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. ოთარ კიტეიშვილი მონაწილეობდა ორივე შემთხვევაში და ორივეჯერ გატანა ლუკა შეროზიამ არ დაანება. ბოლო ათ წუთში კი მოვლენები სწრაფად განვითარდა. 83- ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაათანაბრა ანგარიში. ოთხ წუთში ოთარ კიტეიშვილმა მოხდენილი დარტყმით ისევ დინამო დააწინაურა, რასაც 90- ე წუთზე მამია გავაშელიშვილის გოლი მოჰყვა და ძირითადი დროც ფრედ 3:3 მორჩა.

დამატებითი დრო დინამომ ცვლილებით განაახლა. მიხეილ ერგემლიძის ნაცვლად მოედანზე თაზო ბაბუნაძე შევიდა. სწორედ ამ უკანასკნელმა 99- ე წუთზე დინამოს შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და დინამო ისევ დაწინაურდა. გოლი კი თოთაძის უძლიერეს საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, ბურთი საბოლოოდ ბაბუნაძემ მიიღო და ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:4 გახადა. 110- ე წუთზე უკვე დინამო გადაურჩა გაშვებულ გოლს. მამია გავაშელიშვილი სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში და სულ მცირედით ააცილა ბულისკერიას კარს. თამაშის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც არდაზიშვილმა საჯარიმო დარტყმით კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში 4:4. საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც დინამომ 5:3 იმარჯვა და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა. პენალტები ზუსტად კიტეიშვილმა, თოთაძემ, შულაიამ, ნინუამ და ივანისენიამ დაარტყეს. ლოკომოტივის შემადგენლობიდან გოლები სამურკასოვმა, გვალიამ და კობახიძემ გაიტანეს. ჭანტურიას დარტყმული კი ბულისკერიამ მოიგერია. მომდევნო შეხვდერას დინამო თბილისი 17 ივნისს საბურთალოსთან ჩაატარებს.

 

 

ლოკომოტივი  4:4 (3:5 პენ)  დინამო

 

გოლი: 0:1 ძალამიძე 4’  0:2 ივანისენია 38’  1:2 კიკაბიძე 49’  2:2 არდაზიშვილი 83  2:3 ო. კიტეიშვილი 87’  3:3 გავაშელიშვილი 90’  3:4 ბაბუნაძე 99’  4:4 არდაზიშვილი 120’ 

გაფრთხილება: გაბაძე 29’  ივანისენია 65’  შულაია 78’  ჭანტურია 92’  სამურკასოვი 95’  უბილავა 100’  ნინუა 103’  კობახიძე 105’  გავაშელიშვილი 116’  ბულისკერია 119’ 

 

ლოკომოტივი: შეროზია, ძებნიაური (სამურკასოვი 76), ჭანტურია, ჯიქია (კომახიძე 105), გავაშელიშვილი, ცნობილაძე (გვალია 46), კიკაბიძე (არდაზიშვილი 65), ლობჟანიძე, გაბაძე, უბილავა, კობახიძე

დინამო: ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, თოთაძე, კობოური, კუცია (ნინუა 70), ივანისენია, ხარაბაძე, ძალამიძე (ო. კიტეიშვილი 46), ივანიშვილი (შულაია 26), ერგემლიძე (ბაბუნაძე 91)

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024