მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მეშვიდე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს. გიორგი კოხრეიძის დარტყმული დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია, თუმცა ხელებში ვერ შეიმაგრა, მაგრამ საბოლოოდ მომენტი მანვე განმუხტა. ხუთიოდე წუთში საპასუხო შეტევაში სტუმრებმა გაუშვეს ხელიდან კარის აღების რეალური შანსი. აკაკი შულაიას ტექნიკური თამაშის და გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ დინამოელთა შემტევმა არაზუსტად ითამაშა. ლურჯ-თეთრების მეორე სახიფათო მომენტი ისევ აკაკი შულაიას შეტევას მოჰყვა, საბოლოოდ დარტყმა ნიკა ნინუამ ითავა, მისი ძლიერად გასროლილი კი ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მიჯრით ორჯერ დაემუქრნენ საბურთალოს კარს. ჯერ აკაკი შულაიას დარტყმული უკუაგდო კუპატაძემ, მეორე შემთხვევაში კი ბუდუ ზივზივაძის დარტყმული სანტიმრტრებში აცდა სამიზნეს. პირველი ტაიმის ბოლოს ნიკა ნინუას ჩაწოდებულ კუთხურს მორიგი ხიფათი მოჰყვა, ბურთი ბოლო მომენტში საბურთალოს კიპერმა უკუაგდო, საპასუხოდ კი გიორგი კოხრეიძეს ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ზემოდან გადაცდა დინამოს კარს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე მორჩა. მეორე ნახევარი კახი კაჭარავამ ცვლილებით განაახლა. მან მოედანზე მიხეილ ერგემლიძის ნაცვლად ლევან ხარაბაძე შემოუშვა, რომელიც თავიდან ძირითადში განიხილებოდა, თუმცა შეუძლოთ შეიქმნა და მატჩის დაწყება ვერ მოახერხა. მეორე ტაიმი პირველის დარად მაღალ რიტმში გაგრძელდა, მაგრამ ნაკლები სახიფათო მომენტებით. მე- 60 წუთზე კი დინამოელებმა კიდევ ერთი რეალური საგოლე სიტუაცია ვერ გამოიყენეს. გუჯა რუხაიას ჩაწოდების შემდეგ სწორედ ლევან ხარაბაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მისი დარტყმული ზევიდან გადაცდა მეტოქის კარს. 67- ე წუთზე დემეტრე ბულისკერიამ ითამაშა კარგად, მან გიორგი კოხრეიძის ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე უკუაგდო. მატჩის ბოლოსკენ თამაზ ბაბუნაძემ გაუშვა ხელიდან საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი, მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. საბოლოო მატჩის კომპენსირებულ დროს საბურთალოს შეტევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, ყველას ვაგნერ გონსალვეშმა დაასწრო და გოლიც გაიტანა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მომდევნო მატჩს დინამო ბოლნისის სიონთან 24 ივნისს დინამო არენაზე გამართავს.
საბურთალო 1:0 დინამო
გოლი: 1:0 გონსალვეში 90+2’
საბურთალო: კუპატაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ტერა, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი (გვარაძე 63), გონსალვეში, კოხრეიძე (დიასამიძე 82), გოშთელიანი (ვოლკოვი 67)
დინამო: ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, თოთაძე, კობოური, ნინუა, ივანისენია, შეულაია, ო. კიტეიშვილი, ერგემლიძე (ხარაბაძე 46), ზივზივაძე (ბაბუნაძე 72)
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი