• Geo
  • Eng
11.05.2018
13 მაისი დინამოს ისტორიაში

კვირას 13 მაისს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში დინამო თბილისი ლოკომოტივს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ეთერს ეროვნული ლიგის საიტი უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ დერბი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით უმაყურებლოდ ჩაივლის.

13 მაისს დინამოს თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს გამართული. 37 წლის წინ, დიუსელდორფში თბილისელებმა ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლებით კარლ ცაისი დაამარცხეს 2:1 და თასების მფლობელთა თასი აღმართეს. 13 მაისს მტკვრისპირელებმა ოფიციალურად 13 მატჩი გამართეს. 9 შეხვედრა დინამოელებმა მოიგეს, ორ-ორი დაპირისპირება ფრედ და თბილისელთა მარცხით დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 33/12 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1945 წელს ვიქტორ პანიუკოვის დუბლით თბილისელებმა ლენინგრადელი თანაკლუბელები დაამარცხეს 2:0. 1947 წელს დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვი მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთით დაჯაბნა მეტოქე. გოლები გაიოზ ჯეჯელავამ (2), ბორის პაიჭაძემ და ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანეს. 1951 წელს ლენინგრადში ჩატარდა მატჩი, რომლშიც ადგილობრივმა დინამომ ჩვენი გუნდი მიიღო. თბილისელებმა მიხეილ ჯოჯუას დუბლით და გიორგი ანთაძის გოლით 3:1 მოუგეს მასპინძლებს. 1957 წელს კიევის დინამომ გვაჯობა 2:0. ერთი წლის შემდეგ თბილისს ისევ ესტუმრა კუიბიშევის კრილია სოვეტოვი, ხოლო დინამომ ამჯერად 3:0 მოუგო სტუმრებს. თავის გამოჩენა ნიკოლოზ გაგნიძემ, გივი ჩოხელმა და ავთანდილ ღოღობერიძემ მოახერხეს. 1963 წელს ალმათის კაირათს დინამომ 3:1 მოუგო. ორი გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა კაირათის კარში, ერთიც ვლადიმერ ბარქაიამ. 20 წლის შემდეგ მოსკოვის დინამოსთან დაპირისპირება უგოლო ყაიმით დასრულდა. 1988 წელს მოსკოვის სპარტაკმა სამი უპასუხო ბურთი გაუტანა ჩვენს გუნდს.

1995 წელს დინამომ ფოთში ადგილობრივი კოლხეთი დაამარცხა 3:2. დუბლი გოჩა ჯამარაულმა შეასრულა, ერთი გოლიც ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო წელს თბილისელებმა თელავში კახეთს აჯობეს 5:1. გოლები გიორგი დემეტრაძემ (3), კახი გოგიჩაიშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. 2000 წელს მტკვრისპირელთა და რიონისპირელთა შეხვედრა ფრედ 1:1 მორჩა. გიორგი ანჩაბაძემ გაიტანა ტორპედოს კარში. 2015 წელს თბილისელებმა ზუგდიდს უმასპინძლეს და შვიდი უპასუხო ბურთით დაჯაბნეს მეტოქე. ჰეთ თრიქი გიორგი ჩირგაძემ შეასრულა, დუბლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024