• Geo
  • Eng
12.07.2018
ფრე სლოვაკეთში

დღეს სლოვაკეთის ქალაქ დუნაისკა სტრედაში უეფას ევროპა ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დუნაისკა სტრედამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მოლ არენა შეხვედრას პირთამდე გავსებული ტრიბუნებით შეეგება. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის 5 წუთში ორჯერ კუთხურიც მოიპოვეს. მატჩის მერვე წუთზე გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ლევან ხარაბაძის სწრაფი შეტევაა აღსანიშნავი, შემდეგ კი ერიკ პაჩინდას დარტყმული, რომელმაც სანტიმტრებში ჩაუარა კარის ძელს. შეხვედრის მე- 15 წუთზე კი თბილისელებმა შეხვედრაში ანგარიში გახსნეს. ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ზუსტი დარტყმით დაამწუხრა მასპინძლები. სლოვაკებმა გაშვებული გოლის შემდეგ გაშმაგებით შეუტიეს და სამიოდე წუთში ვაკუნ ბაიოს აქტიურობა დემეტრე ბულისკერიამ განმუხტა. 30- ე წუთზე ვაკუნ ბაიომ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ზუსტად დაახვედრა თავი და ანგარიში გაათანაბრა.  პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარი კი დინამომ ცვლილებით განაახლა, მოედანზე გიორგი ივანიშვილის ნაცვლად მიხეილ ერგემლიძე შევიდა. ტაიმი განახლდა და დემეტრე ბულისკერიამ საკმაოდ სახიფათო სიტუაცია განმუხტა. მან კრისტოფერ ვიდას ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო. ორიოდე წუთში დინამომ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. ზუსტი დარტყმა კი ნიკა ნინუას და მიხეილ ერგემლიძის აქტიურობას მოჰყვა. შეხვედრის 59- ე წუთზე უკვე თბილისელები გადაურჩნენ გაშვებულ გოლს. მასპინძელთა სახიფათო დარტყმული ზევიდან გადაცდა დემეტრე ბულისკერიას კარს. კახი კაჭარავამ 72- ე წუთზე გოლის ავტორის, ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად მათე ვაწაძე შეუშვა. შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა უმატეს შეტევებს და თბილისელთა კარი კიდევ ერთხელ გადაურჩა ხიფათს. საპასუხოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს, პატრიკ მაცეიმ მოიგერია ოთარ კიტეიშვილის ტექნიკურად დარტყმული ბურთი. ამას კი მათე ვაწაძის მიერ საგოლე შანსის ვერგამოყენება მოჰყვა. მისი დარტყმული ხარიხამ მოიგერია და შეხვედრაც დასრულდა. საპასუხო შეხვედრას თბილისში დინამო არენა 19 ივლისს უმასპინძლებს.

 

 

დუნაისკა სტრედა  1:1  დინამო თბილისი

 

გოლი: 0:1 ზივზივაძე 15’  1:1 ბაიო 30’

გაფრთხილება: ბაიო 54’  ბულისკერია 90’ 

 

დუნაისკა სტრედა: მაცეი, შიმჩაკი (კალმარი 46), ლიუბიჩიჩი, ჰუკი, პაჩინდა (დივკოვიჩი 79), კ. ვიდა (ტრეტიაკოვი 67), ბაიო, ჰერცი, კოშტრნა, შატკა, ზაჰუმენსკი

დინამო თბილისი: ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია, შულაია (ქარდავა 80), კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), ზივზივაძე (ვაწაძე 72)

 

მსაჯი: ირფან პელიტო (ბოსნია და ჰერცოგოვინა)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024