დინამო თბილისის მენეჯმენტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მომავალი წლიდან შემადგენლობის დაკომპლექტებისას ძირითად აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდა დინამოელებს ადგილზე განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შევუქმნათ და მივცეთ იმდენი სათამაშო დრო, რაც მათ ნიჭის სრულად გამოვლენაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ჩვენი აღზრდილებისთვის მთავარი პრიორიტეტი დინამო თბილისია, თუმცა გვაქვს სურვილი, რომ მოთამაშეები სწორად განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ მათ მომავალ წარმატებას დიდ ევროპულ კლუბებში.
მოხარული ვარ, რომ დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკოა. ადამიანი, რომელიც საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად გახსნის დღიდან სათავეში ედგა დინამოს აკადემიას. იგი გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და რაც მთავარია, კარგად იცის თუ როგორ უნდა განავითაროს ისინი. ამაზე ის შედეგები მეტყველებს, რომელსაც ჩვენი აკადემიელები ეროვნულ ნაკრებსა და თუ სხვადასხვა ევროპულ კლუბებში აჩვენებენ. სწორედ ანდრეს კარასკო იქნება ჩვენი ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ, მას რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანების შესრულება მოუწევს, რაშიც ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება.
აქვე მინდა შევეხო ჩვენს მეორე გუნდს - დინამო 2-ს, რომელმაც ეროვნულ ლიგა 2-ში დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავა და ლიგაში ადგილი დამაჯერებლად შეინარჩუნა. რამდენიმე წლის უკან, ჩვენი გადაწყვეტილებით ეს გუნდი გაუქმდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. საბედნიეროდ, ჩვენი დირექტორის ზაზა დოლიძის ინიციატივით 2020 წელს დინამო 2 აღვადგინეთ. ვთვლი, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საშუალება გვაქვს ნიჭიერ მოთამაშეებს პროფესიონალურ დონეზე უფრო მეტი სათამაშო დრო მივცეთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას.
გვერდს ვერ ავუვლი დინამოს აკადემიის მორიგ წარმატებულ სეზონს. ჩვენი 19-წლამდე და 15-წლამდე გუნდები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ამასთან ერთად, სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფებმა დინამოს აკადემია საერთაშორისო ტუნირებზე უმაღლეს დონეზე წარმოადგინეს. განსაკუთრებით მეამაყება, რომ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ განვაახლეთ დარასელიას თასის გათამაშება და თასი თბილისში დარჩა. მსურს, ასეთი შედეგებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აკადემიის თითოეულ მწვრთნელს, მოთამაშეს და დირექტორს - გიორგი ივანიშვილს.
ლევან გვანცელაძის ინიციატივით გასულ წელს კიდევ ერთი ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელიც დინამოს საფეხბურთო სკოლების მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნას მოიცავს. პროექტი გულისხმობს 6-დან 12 წლამდე ბავშვების წვრთნას დინამო თბილისის აკადემიაში დანერგილი მეთოდოლოგიით, მწვრთნელების გადამზადებას ჩვენს აკადემიაში წელიწადში 2-ჯერ, ადგილზე საწვრთნელი პროცესების მონიტორინგს და საუკეთესო ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში.
ბედნიერი ვარ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი საფეხბურთო სკოლები შემდეგ მუნიციპალიტეტებში გაიხსნა - ონი, ამბროლაური, ტყიბული, თერჯოლა, ხარაგაული, ჩოხატაური, სენაკი, ჩხოროწყუ, მესტია, კასპი, თეთრიწყარო, დმანისი, ერედვი, ახალგორი, ყაზბეგი და თიანეთი. აღნიშნულ ლოკაციებზე ბავშვების საერთო რაოდენობა 500-ზე მეტს შეადგენს. ამასთან ერთად კი, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან დინამოს საფეხბურთო სკოლა ქალაქ რუსთავშიც გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 400 ფეხბურთელი ვარჯიშობს.
დინამო საფეხბურთო სკოლების პროექტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით ხორციელდება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი მეძმარიაშვილს.
ასევე მინდა შევეხო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ვამაყობ, რომ ნაკრების ძირითად ბირთვს ჩვენი აკადემიის აღზრდილები წარმოადგენენ. ერთა ლიგის ფორმატმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მოგვცა. ეს კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება იქნება. მსურს წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს მარტში გასამართ მატჩებში. სამწუხაროდ, ნახევარფინალურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება და წარმომიდგენია, როგორც განიცდის თავად ამ ამბავს. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა და მეტოქის პატივისცემისა, ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს გააჩნია საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ლუქსემბურგი დავამარცხოთ.
ორ წელიწადში დინამო თბილისი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ჩვენი მიზანია, რომ ასეთ დიდებულ თარიღს განსაკუთრებული სიახლით შევხვდეთ. მოგეხსენებათ, რომ უკვე რამდენიმე წელია დინამოს ბაზის გარშემო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ფაქტი დღითიდღე ართულებს კლუბის ყოველდღიურობას და ხელს გვიშლის მოთამაშეებს შევუქმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო.
ყველანაირად ვეცდებით, დინამო თბილისი ახალ ლოკაციაზე გადავიდეს, სადაც დინამოელებს იდეალურ პირობებს შევუქმნით. საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება ჩვენი აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პირველი გუნდისა და აკადემიის ერთ სივრცეში გაერთიანება, როგორც ეს ბევრ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბში ხდება, ძალიან დაგვეხმარება ჩვენი მოთამაშეები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებაც დაგვჭირდება. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მმართველი ორგანო ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება.