3 აგვისტოს დინამო თბილისი საიუბილეო ეროვნულ ლიგას განაახლებს. ჩვენი გუნდი ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში 20.00 საათზე რუსთავს უმასპინძლებს.
დინამო და რუსთავი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ. 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ეროვნული ლიგის 2018 წლის პირველ ტურში 5 მარტს დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს კი მეცხრე ტურის შეხვედრაში დედაქალაქელებმა აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს მეზობლები.
3 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 3 შეხვედრა მოიგეს და 5- ში დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 11/12.
1949 წელს ჩვენი გუნდი მოსკოვის სპარტაკთან 2:3 დამარცხდა. გოლები ანდრო ზაზროევმა და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. 1951 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტს 4:2 აჯობა. ამ შეხვედრაში ბასამ ჰეთ თრიქი შეასრულა. ერთი გოლი კი არჩილ კილაძემ გაიტანა. 1966 წელს დინამომ მინსკში თანაკლუბელებთან 1:3 დათმო. ერთადერთი გოლი ალექსი მაისურაძემ გაიტანა. ოთხი წლის შემდეგ ბაქოს ნეფთჩი მურთაზ ხურცილავას გოლით 1:0 დავამარცხეთ. 1978 წელს კიევში ადგილობრივმა დინამომ მოგვიგო 1:0. 1982 წელს მინსკის დინამოსთან წავაგეთ 0:2 და 1989 წელს მოსკოვის დინამომ მინიმალური ანგარიშით 1:0 გვაჯობა. 2002 წელს დინამოს ზესტაფონის მეტალურგთან ტექნიკური მოგება 3:0 ჩაეთვალა.