• Geo
  • Eng
10.08.2018
12 აგვისტო დინამოს ისტორიაში

12 აგვისტოს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეოცე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. საიუბილეო თბილისური დერბის მასპინძელი ლოკომოტიი იქნება.

12 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 4- ჯერ იმარჯვეს, 3 მატჩი ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოს სასარგებლოდაა 18/9.

1937 წელს კიევში თანაკლუბელებთან შეხვედრა 2:2 დასრულდა. გოლები ბორის პაიჭაძემ და მიხეილ ასლამაზოვმა გაიტანეს. 10 წლის შემდეგ დინამომ კუიბიშევში 5:2 დაამარცხა ადგილობრივი კრილია სოვეტოვი. გოლები ბასა ღოღობერიძემ, გაიოზ ჯეჯელავამ, გიორგი აროშიძემ, გავრო ბოგატელომ და გოლოვკინმა (ს.კ.) გაიტანეს. 1952 წელს დინამომ მოსკოვის ტორპედო ბასა ღოღობერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. 1973 წელს დონეცკის შახტიორთან თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1984 წელს დინამომ ალმათის კაირათი მიიღო და 2:1 მოუგო. თავი თენგიზ სულაქველიძემ და ვლადიმერ გუცაევმა გამოიჩინეს.

1993 წელს ჩვენმა გუნდმა თანაქალაქელ შევარდენს უმასპინძლა და დერბი სათავისოდ 7:1 დაასრულა. შეხვედრაში დუბლი სამმა ფეხბურთელმა გაიფორმა. არჩილ არველაძემ, რევაზ არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ, ხოლო ერთი გოლიც გელა ინალიშვილმა გაიტანა. 2001 წელს დინამო თბილისი ბათუმის ბათუმთან 0:2 დამარცხდა. 2017 წელს სამტრედიასთან შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1:1 მორჩა, გოლი კი იმერლებს ბექა მიქელთაძემ გაუტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024