30 აგვისტოს დინამო თბილისის 19 წლამდელები ოქროს ლიგის გათამაშებას განაახლებენ და ბათუმის დინამოს უმასპინძლებენ. ზაფხულის განმავლობაში თბილისელებმა დინამოს აკადემიაში ორი შეკრება გაიარეს. 23- დან 30 ივლისის და 3- დან 14 აგვისტოს ჩათვლით. ამ შეკრებების დროს ლურჯ-თეთრებმა შვიდი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარეს, რომელიც ექვსი მოგებით და ერთი ყაიმით დაასრულეს (2:2 მარკ სტარსი, 1:0 სპაერი, 5:1 შევარდენი, 1:0 ნაჰდა, 4:0 საბურთალო, 5:2 ლოკომოტივი, 2:1 ცხინვალი). გუნდის მთავარი მწვრთნელის - ვლადიმერ კაკაშვილის განცხადებით დინამოელები მზად არიან ტურნირისთვის. მწვრთნელის შეფასებით ორივე შეკრებამ დადებითად ჩაიარა. რაც შეეხება მოსამზადებელ თამაშებს- სპარინგები არ იყო ორიენტირებული შედეგზე, არამედ აქცენტი ხარისხის ამაღლებაზე, გამოცდილების და ტექნიკის დახვეწაზე გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ დინამოს 19 წლამდელთა გუნდი ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონია.