• Geo
  • Eng
03.08.2018
დინამო - რუსთავი | მატჩამდე

საქართველოს 30- ე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი თავის სტადიონზე რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 3 აგვისტოს 20.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. მშობლიურ ქალაქში სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ჩაატარებს.

საზაფხულო პაუზის პერიოდში გუნდში არაერთი სიახლე მოხდა. რუსთავი რამდენიმე ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა (ელგუჯა ლობჟანიძე, რაფაელ ჩუკურა, თემურ ღონღაძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ბუგულოვი, ომარ მიგინეიშვილი, ცოტნე კაპანაძე, ლუკა გადრანი, თორნიკე თარხნიშვილი)  და გუნდმა ასევე იჯარით გაშვებული ფეხბურთელები (ვარლამ კილასონია, დათა სიჭინავა, ირაკლი კლიმიაშვილი) დაიბრუნა.

 

 

მწვრთნელი

2018 წლის მაისიდან რუსთავს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - ვარლამ კილასონია დაუბრუნდა. ეროვნულ ლიგაში დასრულებული ორი წრის შემდეგ ჩვენი ოპონენტი 18 თამაშიდან დაგროვილი 21 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

 

ურთიერთშეხვედრები

დინამო და რუსთავი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ. 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ეროვნული ლიგის 2018 წლის პირველ ტურში 5 მარტს დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს კი მეცხრე ტურის შეხვედრაში დედაქალაქელებმა აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს მეზობლები.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია წარუძღვება. მას ასისტენტობას ი. უკლება და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ა. აფციაურია. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას რუსთაველი ფეხბურთელები - ნუკრი რევიშვილი, პაპუნა ფონიავა და რაფაელ ჩუკურა გამოტოვებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024