გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა, 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მიიღო. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2-0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4-1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. გორელებმა წარმატებას 2020 წელსაც მიაღწიეს. ბოლო ტურის შეხვედრაში ლოკომოტივთან მათ ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლები და კონფერენს ლიგის საგზურიც მოიპოვეს. სადებიუტო გათამაშების პირველ ეტაპზე დილა სლოვაკურ (5-1, 2-1) ჟილინასთან დამარცხდა. შარშანდელი სეზონი გორელებმა ასევე მესამე ადგილზე დაასრულეს და ზაფხულში საქართველოს კონფერენს ლიგაზე წარადგენენ.
ურთიერთშეხვედრები
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 85-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპირატესობა აქვს - 57 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 16 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 12 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 197/58.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის 26-ე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და ხუთჯერ 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, ოთხი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ ჩვენს გუნდს პირველად 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0).