დინამო თბილისმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2025 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო.
დედაქალაქელები 15 იანვრამდე თბილისში მოემზადებიან, შემდეგ კი გეზს პორტუგალიისკენ აიღებენ, სადაც 13 თებერვლამდე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან. შეკრებაზე თბილისელები ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ, მეტოქეთა ვინაობას კი მალე გაგაცნობთ.
გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გამოცდილმა ფორვარდმა - მათე ვაწაძემ გაახანგრძლივა. დინამოშ ასევე დაბრუნდნენ იჯარის წესით გაშვებული ფეხბურთელები - ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გორის დილადან, მცველი ირაკლი იაკობიძე და ნახევარმცველი ოთარ აფციაური გაგრადან.
ბაზაზე ჩატარებულ წვრთნაში, ვლადიმერ კაკაშვილის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი გახლდათ:
მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშილი, საბა ტარტარაშვილი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, თენგიზ გობეშია, ირაკლი იაკობიძე, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი, ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნიკოლოზ ტკალია, სანდრო მიქაუტაძე, რაულ ბარათელია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, თორნიკე მორჩილაძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, დავით გოცირიძე და მათე ვაწაძე.
გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესს უახლოეს დღეებში შეუერთდება. ამ და სხვა დეტალებს კი პორტუგალიურ შეკრებაზე გამგზავრებამდე გაცნობებთ.